აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების" ობიექტებზე იერიში მიიტანეს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით, იემენელი „ჰუსიტების” ობიექტებზე იერიში მიიტანეს. „ჰუსიტები” უკვე რამდენიმე თვეა, ისრაელ-პალესტინის ომის შემდეგ, წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს რაკეტებითა და დრონებით უტევენ. ცნობილია, რომ იემენი ღაზას და პალესტინელებს უჭერს მხარს.

„ჰუსიტები“ „წინააღმდეგობის ღერძის“ ნაწილად აცხადებენ თავს, ირანის ხელმძღვანელობით, – ჰამასსა და ჰეზბოლას დაჯგუფებებთან ერთად – ისრაელის, აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ.

აშშ-ისა და კოალიციის ძალებმა „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, – ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა, ალექს გრინკევიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარტყმა მიიტანეს სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ადასტურებენ და ამბობენ, რომ  ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

„ჩემი მითითებით, მივიტანეთ წარმატებული იერიში იემენში არსებულ ობიექტებზე, რომლებსაც ჰუსიტი მებრძოლები იყენებდნენ, რათა საფრთხე შეექმნათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო, სავაჭრო გზისთვის. ეს დარტყმები არის წითელ ზღვაში ჰუსიტი მებრძოლების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი. ჰუსიტების ამ თავდასხმებმა საფრთხის წინაშე დააყენა ამერიკული პერსონალი, მეზღვაურები და ჩვენი პარტნიორები, საფრთხის ქვეშ დააყენა ვაჭრობა”, – აღნიშნა ბაიდენმა.

ირანი და დაჯგუფება „ჰეზბოლა“ გმობენ იემენში ჰუსიტების ობიექტზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თავდასხმებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იემენზე თავდასხმებს „იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა“ უწოდა. ასევე, სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ თავდასხმებს მხოლოდ რეგიონში არასტაბილურობის მოტანა შეუძლია.

პარალელურად, ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ეს თავდასხმები ადასტურებს აშშ-ის მხრიდან ღაზაში განხორციელებული ქმედებების პარტნიორობას.

„ჰუსიტები“ კი აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში ისრაელისკენ მიმავალ ან ისრაელთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმებს განაგრძობენ.

„ჩვენი სამიზნე იყო და იქნება ისრაელის გემები ან ის გემები, რომლებიც მიემართებიან ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ“, – წერს დაჯგუფების პრესსპიკერი, მუჰამედ აბდულსალამი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თავდასხმებს „ჰუსიტების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჰუსეინ ალ-იზიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო „ამ აგრესიისთვის მძიმე ფასს გადაიხდიან“.

ცნობილია, რომ ბოლო ორ თვეში ჰუსიტები 50-ზე მეტი ქვეყნის 27 კომერციულ გემს დაესხნენ თავს, 20-ზე მეტი ქვეყნის ეკიპაჟს კი დაემუქრნენ ან მეკობრეობის დროს მძევლად აიყვანეს. 2000-ზე მეტი გემი იძულებული გახდა, შეეცვალა მარშრუტი, რათა თავიდან აეცილებინა წითელი ზღვა, რაც შესაძლოა საქონლის რამდენიმეკვირიანი დაგვიანების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, გაიზარდა ნავთობის ფასიც.