ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებს კიდევ შეუტია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკული ძალების სამიზნე იემენში სულ ხუთი რეგიონი იყო, სადაც „ჰუსიტების“ კუთვნილი დაახლოებით 14 რაკეტა გაანადგურეს, რომლებიც, აშშ-ის თქმით, შესაძლოა, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმისთვის ყოფილიყო განკუთვნილი.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში აშშ-ის კუთვნილ გემზე თავდასხმა გახდა.
ამავდროულად, 17 იანვარს, აშშ-მ „ჰუსიტები” ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მეორედ შეიყვანა. აშშ-ს ოფიციალური პირების ცნობით, ჰუსიტების გლობალურ ტერორისტებად გამოცხადება მათ დაფინანსებასა და იარაღის მიღების გზებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. განკარგულება 30 დღეში – 2024 წლის 16 თებერვალს ამოქმედდება.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, თუ „ჰუსიტები” წითელ ზღვაში თავდასხმებს შეწყვეტენ, აშშ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას და მათ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს.
„ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება მნიშვნელოვანი იარაღია „ჰუსიტების” დაფინანსების ხელის შესაშლელად, მათი ფინანსური ბაზრების უფრო შესაზღუდად და მათი დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მისაცემად” – თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმა ნოემბრის თვეში, ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ დაიწყეს.
„ჰუსიტები“ „წინააღმდეგობის ღერძის“ ნაწილად აცხადებენ თავს, ირანის ხელმძღვანელობით, – ჰამასსა და ჰეზბოლას დაჯგუფებებთან ერთად – ისრაელის, აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ.
გასულ კვირას აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის არმიამ დარტყმები მიაყენა „ჰუსიტების“ სამიზნეებს იემენში, გემებზე თავდასხმების საპასუხოდ. გაერთიანებულმა ძალებმა, მოკავშირეებთან კოორდინაციით, განახორციელეს ათობით საჰაერო და საზღვაო დარტყმა რაკეტების გაშვების ობიექტებზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იემენის შიგნით.
12 იანვარს 10-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაღალი სიზუსტის დარტყმების მიზანი „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესუსტება იყო, რომლებსაც ისინი „იყენებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე გლობალური ვაჭრობისა და საერთაშორისო მეზღვაურებისთვის საფრთხის შესაქმნელად“.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამ თავდასხმებმა შეანელა ვაჭრობა აზიასა და ევროპის ქვეყნებს შორის, ასევე გაიზარდა ნავთობის ფასი.