„მიზანი „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესუსტება იყო" | 10 ქვეყნის განცხადება „ჰუსიტების” ობიექტებზე იერიშზე

პუბლიკა

ათი ქვეყანა იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დარტყმები ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი უფლების საფუძველზე განხორციელდა.

განცხადებას ხელს აწერს აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და ბაჰრეინი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი სიზუსტის დარტყმების მიზანი „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესუსტება იყო, რომლებსაც ისინი „იყენებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე გლობალური ვაჭრობისა და საერთაშორისო მეზღვაურებისთვის საფრთხის შესაქმნელად“.

„წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიერ გემებზე უკანონო, სახიფათო და დესტაბილიზაციისკენ მიმართული მუდმივი თავდასხმების საპასუხოდ, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა, ნიდერლანდების, კანადის, ბაჰრეინისა და ავსტრალიის მხარდაჭერით, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი უფლების საფუძველზე, გაეროს წესდების შესაბამისად, ერთობლივად განახორციელეს დარტყმები იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში სამიზნეებზე.

ნოემბრის შუა რიცხვებიდან „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში 20-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს კომერციულ გემებზე, რაც საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს. დღევანდელმა დარტყმებმა კი აჩვენა საზღვაო მიმოსვლის, საერთაშორისო ვაჭრობისა და უკანონო და გაუმართლებელი თავდასხმებისგან მეზღვაურთა სიცოცხლის დაცვის მიმართ მხარდაჭერა.

ჩვენს მიზნად რჩება წითელ ზღვაში დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის აღდგენა, თუმცა ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ჩვენ ყოყმანის გარეშე დავიცავთ ადამიანთა სიცოცხლეს და სავაჭრო ნაკადებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საზღვაო გზაზე არსებული საფრთხეების წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურეს, რომ იემენელი „ჰუსიტების” ობიექტებზე იერიში მიიტანეს. 

აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალური სარდლის გენერალ-ლეიტენანტი, ალექს გრინკევიჩის თქმით, აშშ-ისა და კოალიციის ძალებმა „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.