აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) სანქციები დააწესა ჩინური დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, Hengli Petrochemical (Dalian) Refinery Co., Ltd.-ის (Hengli) წინააღმდეგ. აღნიშნული კომპანია ირანული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველია.
გარდა ამისა, სანქციების სამიზნე გახდა 40-მდე გადამზიდი ფირმა და ხომალდი, რომლებიც ირანის ე.წ. „ჩრდილოეთის ფლოტის“ შემადგენლობაში შედიან. ეს ფლოტი უზრუნველყოფს ირანული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას, რაც თეირანისთვის მთავარ ფინანსურ საყრდენს წარმოადგენს.
აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, კამპანია სახელწოდებით „ეკონომიკური რისხვა“ მიზნად ისახავს ირანის რეჟიმის ფინანსურ ბლოკადას, რათა შეიზღუდოს მისი აგრესია ახლო აღმოსავლეთში და ბირთვული ამბიციები.
„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ხაზინის დეპარტამენტი გააგრძელებს იმ ხომალდების, შუამავლებისა და მყიდველების ქსელის შევიწროებას, რომლებსაც ირანი გლობალურ ბაზარზე ნავთობის გასატანად იყენებს,“ – განაცხადა ბესენტმა.
2025 წლის თებერვლიდან დღემდე, OFAC-მა ამ კამპანიის ფარგლებში სანქციები დაუწესა 1000-ზე მეტ პირს, ხომალდსა და საჰაერო ხომალდს.
ხაზინის დეპარტამენტის მიხედვით, ჩინეთის დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ირანული ნედლი ნავთობის ძირითადი მყიდველები არიან. Hengli სიდიდით მეორე ასეთი ქარხანაა ჩინეთში.
აშშ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლიდან დღემდე, კომპანიამ მიიღო მილიონობით ბარელი ნავთობი სანქცირებული ხომალდებისგან (მათ შორის: BIG MAG, GALE და ARES). ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ Hengli-მ ნავთობი შეიძინა უშუალოდ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიისგან (Sepehr Energy Jahan Nama Pars), რითაც ასობით მილიონი დოლარით დააფინანსა ირანის სამხედრო სექტორი.
სანქციების მიხედვით, აშშ-ში არსებული ან აშშ-ის მოქალაქეების კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა აქტივი, რომელიც ეკუთვნის დასანქცირებულ პირებსა და კომპანიებს, დაბლოკილია. იკრძალება ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც დაკავშირებულია ამ აქტივებთან. სანქციების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ხაზინის დეპარტამენტის განმარტებით, სანქციების საბოლოო მიზანია არა დასჯა, არამედ ირანის რეჟიმის ქცევის პოზიტიური ცვლილება. ამასთან, მოქმედებს სპეციალური წამახალისებელი პროგრამა იმ პირებისთვის, რომლებიც მიაწვდიან ინფორმაციას სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებზე.