აშშ-მა ირანზე ისევ მიიტანა საჰაერო იერიშები, ირანმა დაბომბა ობიექტები ბაჰრეინსა და ქუვეითში

პუბლიკა

შეერთებულმა შტატებმა 7 ივლისს ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. იერიშების სამიზნე 80-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გახდა.

ამასთან, ვაშინგტონმა გააუქმა გამონაკლისი სანქციებიდან, რომელიც თეირანს ნავთობის გაყიდვის საშუალებას აძლევდა. ეს ორ ქვეყანას შორის გასულ თვეს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ჯერჯერობით ყველაზე სერიოზულ ესკალაციაა.

დარტყმებს წინ უძღოდა ჰორმუზის სრუტეში სამ კომერციულ ტანკერზე განხორციელებული თავდასხმა. ვაშინგტონმა პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა და მომხდარი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევად შეაფასა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში იერიში მიიტანეს 80-ზე მეტ ირანულ სამხედრო ობიექტზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე, მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო სისტემებზე, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტების პოზიციებსა და დრონების გაშვების მოედნებზე. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ასევე განადგურდა ან დაზიანდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 60-ზე მეტი მცირე ზომის ხომალდი, რათა შემცირებულიყო თეირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გემებს ამ სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე.

„ირანის ძალების არაპროვოცირებული აგრესია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა და სახიფათო დარღვევაა და ნაოსნობის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის,“ – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

ოპერაცია განხორციელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ასობით ათასი ადამიანი ირანის წმინდა ქალაქ ყომში ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე შეიკრიბა.

ირანმა აშშ-ის იერიშები „აშკარა აგრესიის აქტად“ შეაფასა. ქვეყნის უმაღლესმა გაერთიანებულმა სამხედრო სარდლობამ – „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბი ვაშინგტონს „გამანადგურებელი პასუხით“ დაემუქრა და განაცხადა, რომ თეირანი არ დაუშვებს აშშ-ის ჩარევას ჰორმუზის სრუტის მართვაში.

აფეთქებები ირანის სამხრეთში

ირანის სახელმწიფო მედიამ ოთხშაბათის გამთენიისას აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ხარგის კუნძულზე, ყეშმის კუნძულზე და სამხრეთის საპორტო ქალაქებში – სირიკსა და ბენდერ-აბასში.

ხარგის კუნძული, საიდანაც ირანის ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% ხორციელდება, იმ ადგილებს შორის იყო, სადაც აფეთქებები დაფიქსირდა, თუმცა CENTCOM-ს არ დაუდასტურებია, რომ კუნძული მისი ოპერაციის სამიზნე იყო.

ირანის სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ ხარგის კუნძულზე რამდენიმე აფეთქების შესახებ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია მათი მიზეზი, ზარალი ან შესაძლო მსხვერპლი.

სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სირიკის კომერციულ ნავსადგურში „მტრის ჭურვის“ აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი ნამსხვრევებით დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშების შედეგად დაზიანდა სირიკისა და ბენდერ-აბასის სათევზაო ნავმისადგომებიც, სადაც რამდენიმე სათევზაო გემი დაიწვა.

ვაშინგტონმა ირანს ნავთობის გაყიდვის ნებართვა გაუუქმა

სამხედრო ოპერაციის პარალელურად, ვაშინგტონმა გააუქმა სანქციებიდან ერთ-ერთი მთავარი გამონაკლისი, რომელიც ირანს ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების ფარგლებში ნედლი ნავთობის ექსპორტის საშუალებას აძლევდა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 22 ივნისს გამოსცა საერთო ლიცენზია, რომელიც ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ნავთობქიმიური პროდუქციის გაყიდვას 21 აგვისტომდე უშვებდა. ეს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებების ნაწილი იყო.

თუმცა 7 ივლისს ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ნებართვა გააუქმა და კომპანიებს 17 ივლისამდე მისცა ვადა არსებული გარიგებების დასასრულებლად.

ეს გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ დარტყმად მიიჩნევა.

განცხადების შემდეგ ნავთობის მსოფლიო ფასები 3%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან ინვესტორები ჰორმუზის სრუტეში ენერგომატარებლების უსაფრთხო ტრანზიტთან დაკავშირებით სულ უფრო მეტად შეშფოთდნენ. ეს სრუტე მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მარშრუტია.

ირანის საპასუხო იერიშები

აშშ-ის ოპერაციიდან რამდენიმე საათში ირანმა განაცხადა, რომ საპასუხოდ სარაკეტო და დრონებით განხორციელებული იერიშები მიიტანა ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე გახდა ბანდარ სალმანის სამხედრო ობიექტი, აშშ-ის მეხუთე ფლოტის ბაზა ბაჰრეინში და ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზა ქუვეითში. ირანის განცხადებით, ოპერაციის დროს ჩამოაგდეს აშშ-ის MQ-9 ტიპის სადაზვერვო დრონიც.

ბაჰრეინსა და ქუვეითში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო, ხოლო ქუვეითის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემები „მტრულ“ რაკეტებსა და დრონებს იგერიებდნენ. მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის სამხედრო უწყებას განცხადება თავდაპირველად არ გაუკეთებია.

ამ ესკალაციამ ერთი თვის წინ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა.

შეთანხმებამ, რომელიც 4-თვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ გაფორმდა  კონფლიქტი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებით დაიწყო, დროებით შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები, სანამ მხარეები ფართომასშტაბიან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

Reuters-ის ცნობით, 7 ივლისის სამხედრო ოპერაციის მიუხედავად ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად გრძელდება. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი თეირანს მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს, რადგან დაძაბულობის ზრდის შემთხვევაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო მარშრუტის შეფერხება შეუძლია.

დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, კომერციულ გემებზე თავდასხმები სწორედ ამ ბერკეტის გაძლიერებას ემსახურებოდა მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე.

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამად ბაგერ ყალიბაფმა, ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შეთანხმება დაარღვია არა მხოლოდ უახლესმა სამხედრო დარტყმებმა, არამედ ირანის წინააღმდეგ ნავთობის სანქციების აღდგენამ, ჰორმუზის სრუტეში ირანის მოქმედებებში ჩარევამ და ისრაელის მიერ ლიბანში სამხედრო ოპერაციების გაგრძელებამ.

„დასრულდა ბულინგისა და გამოძალვის ეპოქა. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, – დაწერა ყალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ში.

NATO მხარს უჭერს აშშ-ის მოქმედებებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია დაიცვა და განაცხადა, რომ ირანმა კომერციულ გემებზე თავდასხმებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თავად დაარღვია.

„როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებობს და ირანი ფაქტობრივად თავად არღვევს მას, ვფიქრობ, სრულიად აუცილებელია, რომ აშშ-მ მტკიცე პასუხი გასცეს,“ – განაცხადა რუტემ ანკარაში, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.