აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, სანქცირებულია ჩინური და სომხური კომპანიებიც

პუბლიკა

პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადების საპასუხოდ აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ყალბი რეფერენდუმებისა და ანექსიის მცდელობის შემდეგ აშშ ცალსახად უარყოფს რუსეთის რუსეთის თაღლითურ მცდელობას, შეცვალოს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და წარადგენს მორიგ სანქციებს.

აშშ-ის ახალი სანქციები ასობით პირს შეეხო, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესა და მის არაერთ წევრს, სახელმწიფო დუმის დეპუტატებს, რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო პირებს, ასევე რუსეთის მარიონეტული რეჟიმების ოფიციალურ პირებს.

ახალი სანქციები შეეხო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრებსაც, მათ შორის, სერგეი შოიგუს, ალექსეი მიშუსტინის, დმიტრი მედვედევის, სერგეი სობიანინის და ვიქტორ ზოლოტოვის ოჯახებს.

ასევე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ფინანსურ სექტორში – ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ელვირა ნაბიულინას, მის მოადგილეს ოლგა სკორობოგატოვას და რუსეთის პრემიერის მოადგილეს ალექსანდრ ნოვაკს.

ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა კომპანიებს რუსეთში ექსპორტზე მათ მიერ დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის. აშშ-ში აცხადებენ, რომ სანქციები დაუწესდათ იმ რუსული კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სანქციების გვერდის ავლით, რუსეთისთვის სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებას ცდილობდნენ.

ასევე ექსპორტზე დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სანქციები დაუწესდა ჩინურ კომპანია Sinno Electronics-სა და სომხურ კომპანია Taco-ს. ასევე ბელარუსულ კომპანია Sohim-ს.