აშშ-მა სანქციები დაუწესა მოლდოველ ოლიგარქებს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლდოვაში სისტემური კორუფციასა და არჩევნებზე ზეგავლენასთან დაკავშირებით, რაც აფილირებული იყო კრემლთან, სანქციები დაუწესა ოლიგარქებს – ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და 19 სხვა ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქცირებული პირები მოხსენიებულნი არიან, როგორც „რუსეთის გლობალური გავლენის კამპანიის ინსტრუმენტები“. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიესალმა შეერთებული შტატების ნაბიჯს ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვლადიმერ პლახოტნიუკი, რომელიც  მოლდოვაში დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო და 2019 წელს ქვეყნიდან გაიქცა, დაკავშირებულია მოლდოვის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარის გაუჩინარებასთან. მათი განცხადებით, ოლიგარქი ინარჩუნებდა კონტროლს ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებზე, პოლიტიკური და ბიზნესინტერესების გატარების მიზნით.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ზეწოლას ახდენდა და აკონტროლებდა სასამართლო სისტემას და აკონტროლებდა მედიასაშუალებებს.

სანქცირებული კიდევ ერთი პირია – ოლიგარქი ილან შორი, რომელიც მუშაობდა რუსებთან 2021 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური ალიანსის შესაქმნელად. განცხადების თანახმად, ის მიზნად ისახავდა მოლდოვის პარლამენტის გაკონტროლებასა და რუსეთისთვის ხელსაყრელი კანონების მხარდაჭერას. ილან შორის მხარდამჭერები მოლდოვაში აქციებს მართავდნენ, რომელიც მიმართული იყო პროდასავლური ლიდერების წინააღმდეგ.

მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია გამოეხმაურა. მისი თქმით, დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია.

„ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში“,- დაწერა გიორგი გახარიამ twitter-ზე.


20 ოქტომბერს უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის მოქალაქეები, რუსეთში მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირები. მათ შორის აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც.

სანქცირებულთა სიაში არის ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი და მისი ცოლი – ქეთევან ხარაიძე, ასევე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი და უჩა მამაცაშვილის შვილი – ტიტე მამაცაშვილი.