აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - ბლინკენი

პუბლიკა

„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა twitter-ზე დაწერა.

დღეს 14 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს  რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.


2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.