აშშ-ის განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა, თეირანთან მოლაპარაკება ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს – ამის შესახებ BBC წერს.
გაეროსადმი მიწერილ წერილში აშშ ამართლებს ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობას და წერს, რომ სოლეიმანი თავდაცვის მიზნით მოკლეს.
ირანმა გაეროს ასევე განუცხადა, რომ ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვა იყო თავდაცვითი ქმედება და პასუხი მკვლელობაზე ირანის მხრიდან.
ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ირანმა, ოთხშაბათს, 8 იანვარს, ადგილობრივი დროით 1:30 საათზე, ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები იყვნენ განთავსებულნი, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ირანული მედია აცხადებდა, რომ დაბომბვას 80 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ხამენიმ განაცხადა, რომ ეს არის სილის გაწნა ამერიკისთვის, ეს არის პასუხი აშშ-ის მიერ ირანის ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის მკვლელობაზე. მისივე თქმით, ამერიკულმა ჯარებმა უნდა დატოვონ ერაყი.
დღეს, 9 იანვარს, გამთენიისას, ბაღდადში, მწვანე ზონაში, სადაც დიპლომატიური მისიებია განთავსებული, ორი რაკეტა კვლავ ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო განცხადება გაავრცელა. ტრამპის თქმით, ამერიკა არ დაუშვებს, რომ ირანმა ატომური იარაღი შექმნას. მისივე განცხადებით, რამდენიმე წლის წინ დადებულმა ბირთვულმა შეთანხმებამ ირანს სამხედრო აგრესიის ზრდის საშუალება მისცა. ამიტომ აშშ მოუწოდებს მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებს, დატოვონ ეს შეთანხმება.
ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აქვს ძალიან დიდი სამხედრო შესაძლებლობები, ისინი მზად არიან მშვიდობისთვის, თუმცა, თუ ირანი აგრესიულ რიტორიკას გააგრძელებს, მათ პასუხს გასცემენ. ახლა კი, თავდასხმის საპასუხოდ, აშშ ირანს ახალ მკაცრ სანქციებს დაუწესებს.