ტრამპი: აშშ მზად არის მიიღოს მშვიდობა, მაგრამ თუ ირანი გააგრძელებს სამხედრო რიტორიკას, პასუხს გავცემთ

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკა არ დაუშვებს, რომ ირანმა ატომური იარაღი შექმნას. ტრამპის თქმით, რამდენიმე წლის წინ დადებულმა ბირთვულმა შეთანხმებამ ირანს სამხედრო აგრესიის ზრდის საშუალება მისცა. ამიტომ აშშ მოუწოდებს მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებს, დატოვონ ეს შეთანხმება.

ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს აქვს ძალიან დიდი სამხედრო შესაძლებლობები, ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. თუმცა, თუ ირანი აგრესიულ რიტორიკას გააგრძელებს, მათ პასუხს გასცემენ. ახლა კი, ირანის თავდასხმის საპასუხოდ, აშშ მას ახალ ძლიერ სანქციებს დაუწესებს.

„ირანს არასდროს მივცემთ უფლებას, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამერიკელი ხალხი არის განსაკუთრებით მადლიერი და ბედნიერი, არც ერთი ჩვენი ჯარისკაცი არ დაზარალებულა ირანის თავდასხმის შედეგად. მხოლოდ მცირედი ზიანი მიადგა ჩვენს ბაზებს. ძლიერი ამერიკული ძალები არის მზად და ჩვენ გავცემთ პასუხს ირანს. მიზეზი მხოლოდ ამ მცირედი ზიანისა, იყო კარგად გამართული ადრეული შეტყობინების სისტემა.

1979 წლიდან ახლო აღმოსავლეთში ერები განიცდიდნენ არეულობას და დესტაბილიზაციას. ჩვენ არ დავუშვებთ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

გასულ კვირას, ჩემი გადაწყვეტილებით მოკლეს, ჩემი აზრით, ნომერ პირველი ტერორისტი ყასიმ სოლეიმანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მრავალ სისხლიან დანაშაულსა და ომზე, რომლებშიც იღუპებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა და ემუქრებოდა კოალიციის ათასობით ჯარისკაცს. სოლეიმანი იყო მთავარი პერსონა, ვინც მოახდინა ამერიკის საელჩოზე თავდასხმა. მისი ხელები ამერიკელებისა და ირანელების სისხლით იყო გასვრილი და სოლეიმანის ლიკვიდაცია დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო.

ჩვენ ვაგრძელებთ შეფასებას, თუ რა პასუხი გავცემთ ირანს და დაუყონებლივ ვუწესებთ სანქციებს. ირანის სამხედრო აგრესია განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მათ ხელი მოაწერეს ბირთვულ შეთანხმებას. ირანი პასუხისმგებელია იემენსა და სხვა არაბულ ქვეყნებში დატრიალებულ საშინელებებზე და აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მოქმედებების შედეგად მას გაუჩნდა დამატებითი შესაძლებლობები ამ აგრესიისთვის.

მოვიდა დრო, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, ჩინეთმა, რუსეთმა აღიარონ ბირთვული შეთანხმების მცდარობა და ჩამოშორდნენ ირანს. ირანი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი ქვეყანა, ოღონდ მშვიდობიანი განვითარების პირობებში.

თუ ირანი გააგრძელებს სამხედრო აგრესიას, ის დარჩება წაგებული და ეს რიტორიკა უნდა დასრულდეს. ამერიკამ ბოლო წლებში მიაღწია ენერგოდამოუკიდებლობას, რაც ბევრს წარმოუდგენელი მიაჩნდა. ასევე, 2,5 ტრილიონი დაიხარჯა ჩვენი შეიარაღების გაძლიერებაზე. ჩვენ არ გვინდა ამ შეიარაღების, სამხედრო და ეკონომიკური ძალების გამოყენება.

აშშ მზად არის მიიღოს მშვიდობა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა“, – განაცხადა ტრამპმა.

ირანმა წუხელ ღამით ერაყში მდებარე ორი ამერიკული ბაზა ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის განცხადებით, ეს იყო გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვისთვის მიღებული შესაბამისი ზომა და ირანი ომსა და ესკალაციას არ ეძებს.

დონალდ ტრამპი კი თავდასხმას მალევე Twitter-ზე გამოეხმაურა. ტრამპი წერდა, რომ ყველაფერი კარგადაა და აშშ-ს მსოფლიოს ყველა წერტილში ყველაზე კარგად შეიარაღებული და ძლიერი სამხედრო რესურსები აქვს.

ირანული მედიის მტკიცებით, დაბომბვისას 80-მდე ამერიკელი მოკლეს, რასაც უარყოფენ აშშ-ის ოფიციალური პირები. მათი თქმით, წინასწარი გაფრთხილების სისტემამ კარგად იმუშავა და ირანის შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ირან-ერაყსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკელებმა ბაღდადის აეროპორტში ირანელი გენერალი ყასიმ სოლეიმანი მოკლეს. ყუდსის ძალების ლიდერი ორგანიზაცია „ყატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერებთან ერთად ბაღდადის აეროპორტის მიმდებარედ ამერიკელებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან გასროლილი რაკეტით ააფეთქეს.

მანამდე პროირანულმა ძალებმა ბაღდადში აშშ-ის საელჩო დაარბიეს. თავდასხმას ამერიკის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. თეთრი სახლის მტკიცებით, ამ თავდასხმის უკან სოლეიმანი იდგა, რომელიც ამერიკელებზე უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ თავდასხმას გეგმავდა.