აშშ-ს საელჩო რუსეთში თავის მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია. რუსეთში აშშ-ის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გაფრთხილება საელჩოს ვებ-გვერდზე 27 სექტემბერს გამოქვეყნდა.

საელჩოს განცხადებაშია ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ მობილიზაცია გამოაცხადა, ოფიციალურმა მოსკოვმა, შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სამხედრო სამსახურში წასვლისკენ მოუწოდოს. აქვე ნათქვამია, რომ კომერციული ფრენების სიხშირე რუსეთში ამჟამად შეზღუდულია.

„აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა წავიდნენ რუსეთში სამოგზაუროდ, ხოლო მათ, ვინც ცხოვრობს ან იმყოფება რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყნის ტერიტორია“, – წერია რუსეთში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.

LB loan image desktop LB loan image mobile