„ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია დაადასტუროს, რომ ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტელეკომპანია „abc news“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გააკეთა ყველაფერი, რათა მსოფლიოს დროულად ვერ გაეგო, თუ რა ხდებოდა რეალობაში.
„abc news“-თან ინტერვიუში პომპეომ, ჩინეთის ხელისუფლების ქმედებებს კლასიკური კომუნისტური დეზინფორმაციული ძალისხმევა უწოდა. მან ოფიციალური პეკინი სამედიცინო პერსონალისა და ჟურნალისტების დევნაში დაადანაშაულა. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ჩინეთის ამ ნაბიჯებმა უზარმაზარი საფრთხე შექმნა და მსოფლიოს ფარგლებში ასობით ათასი ადამიანი დააზარალა.