აშშ სავიზო „დეპოზიტის სისტემას“ მუდმივს ხდის

პუბლიკა

აშშ სავიზო დეპოზიტის სისტემას მუდმივს ხდის.

სავიზო დეპოზიტის საპოლოტე პროგრამა 2025 წელს ამოქმედდა და 38 ქვეყანაზე ვრცელდებოდა. 2026 წელს სიას 12 ქვეყანა დაემატა და მათ შორის საქართველოც არის.

პროგრამის მიზანია ვიზიტორების ნაკადის კონტროლი იმ ქვეყნებიდან, საიდანაც აშშ-ში არალეგალურად დარჩენის მაღალი მაჩვენებელი ვლინდება.

გავრცელებულ ფედერალურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 50 ქვეყნიდან ვიზის მაძიებლებს, შესაძლოა, 20 000 დოლარამდე გირაოს გადახდა დაეკისროს.

Federal Register-ის შეტყობინება ეხება B1 და B2 ვიზებს, რომლებიც ბიზნეს და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.

„საკონსულო მოხელეებს შეუძლიათ მოითხოვონ შესაბამისი არაემიგრანტული ვიზის მაძიებლებისგან 20,000 დოლარამდე გირაოს უზრუნველყოფა ვიზის გაცემის პირობად, რასაც თავად საკონსულო მოხელეები განსაზღვრავენ,“ — ნათქვამია შეტყობინებაში.

აშშ აცხადებს, რომ 2025 წელს დაწყებული საპილოტე პროგრამა ეფექტური ინსტრუმენტია.

საპილოტე პროგრამაში საკონსულო მოხელეებს შეეძლოთ $5,000, $10,000 ან $15,000-მდე ოდენობის გირაოს მოთხოვნა. საბოლოოდ დამტკიცებული წესი კი მაქსიმალურ გირაოს $20,000-მდე ზრდის და 5000-დოლარიან გირაოს აუქმებს.

თანხა ინდივიდუალურად განისაზღვრება გასაუბრებისას. დეპოზიტი სრულად უბრუნდება მფლობელს, თუ ის აშშ-ს დატოვებს ვიზით განსაზღვრულ ვადაში.

საბოლოო წესი ძალაში 3 აგვისტოს შედის. წესი 50 ქვეყანაზე ვრცელდება, მათ შორისაა საქართველო.


აშშ-ის პროგრამა შემდეგ ქვეყნებზე ვრცელდება: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, კამბოჯა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ფიჯი, გაბონი, გამბია, საქართველო, გრენადა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, ლესოთო, მალავი, მავრიტანია, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაპუა-ახალი გვინეა, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სეიშელის კუნძულები, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, ტუნისი, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე.