აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. როგორც BBC წერს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 1 690 000-მდეა, რაც მსოფლიოს მასშტაბით აღრიცხულ შემთხვევათა 30%-ია.

პირველი შემთხვევა შტატებში 21 იანვარს გამოვლინდა. კორონავირუსის გამოჩენიდან 4 თვეზე ნაკლებ დროში იმდენივე დაიღუპა, რაც კორეის, ვიეტნამის, ერაყისა და ავღანეთის ომებში ერთად აღებული, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობით აშშ ბელგიას, ირლანდიას, ესპანეთს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთსაც ჩამორჩება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა 20 შტატში დაფიქსირდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აღრიცხავენ ახალ შემთხვევებს მსხვილ ურბანულ წერტილებში – ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესსა და ა.შ. ნიუ-იორკში გარდაცვლითა რაოდენობა, ჯამში, 21 000-ია.

სპეციალისტებისა და მოქალაქეების ნაწილი ხელისუფლებას სწრაფი რეაგირების უქონლობის გამო აკრიტიკებს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კი კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ მისი სამოქმედო გეგმა ეფექტიანია და სხვა შემთხვევაში გარდაცვლილთა რაოდენობა 25-ჯერ მეტიც იქნებოდა.

პრეზიდენტმა თებერვალში კორონავირუსის პანდემია სეზონურ გრიპს შეადარა და თქვა, რომ აპრილში ის უკვე გამქრალი იქნებოდა. აპრილში კი განაცხადა, რომ თუკი გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000-ს არ ასცდებოდა, ეს მისი ადმინისტრაციის ეფექტიან მუშაობაზე მიუთითებდა. როგორც BBC წერს, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევით, უფრო სწრაფი რეაგირების შემთხვევაში, ამერიკაში გარდაცვილთა რაოდენობა შესაძლოა, 36 000-ით ნაკლებიც ყოფილიყო.

ამავდროულად, ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, შტატებში რეგულაციების შემსუბუქება დაიწყეს, გაჩერებული ეკონომიკის ასამუშავებლად. შეზრუდვების მოხსნა 50-ვე შტატში დაიწყეს.