აშშ-ში ბრალი წაუყენეს ხმის მიცემის ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ს

პუბლიკა

აშშ-ში ხმის მიცემის ტექნოლოგიების კომპანია Smartmatic-ს ფულის გათეთრებასა და სხვა დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, Smartmatic-ს წარმომადგენლებმა 2015-2018 წლებში ფილიპინების საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს , რომელიც ასევე ბრალდებულია, 1 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი გადასცეს, რათა ფილიპინებში არჩევნები 2016 წელს Smartmatic-ს ტექნოლოგიით ჩაეტარებინათ.

კომპანიის სამი მაღალჩინოსნის მიმართ საქმე ჯერ კიდევ 2024 წელს აღიძრა.

მედიის ინფორმაციით, Smartmatic-მა ბრალდებებს „ფაქტებისა და კანონის მიხედვით არასწორი“ უწოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ბრალდებებს და დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ელექტრონულ მომსახურებას „სმარტმატიკისგან“ იღებს.

„სმარტმატიკის“ ტექნოლოგიით ჩატარდა 2024 წლის არჩევნებიც. ხმის ფარულობის დარღვევის ბრალდებების შემდეგ ელექტრონული ტექნოლოგიების სანდოობაზე ცესკო „სმარტმატიკის“ დასკვნებს მოიხმობდა.