აშშ თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი, უკრაინაში ომისა და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ უსაფუძვლო დაპატიმრების ან შევიწროების რისკის გამო.

„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ. გამოიჩინეთ დიდი სიფრთხილე, უსაფძვლო დაკავების რისკის გამო“, – ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. „არ იმოგზაუროთ რუსეთში“, – აფრთხილებს საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დატოვებისკენ თავის მოქალაქეებს რამდენჯერმე მოუწოდა. ბოლოს აშშ-მა სექტემბერში, პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ მოუწოდა მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ.

ამჯერად აქცენტი ამერიკის მოქალაქეთა დაკავების რისკზე კეთდება. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, რუსეთის უშიშროების სამსახურები მიზანმიმართულად მოქმედებენ მათი მოქალაქეების წინააღმდეგ. სამართალდამცველებმა აშშ-ის მოქალაქეები უსაფუძვლო ბრალდებებით დააკავეს და გაასამართლეს სანდო მტკიცებულებების გარეშე, რუსეთმა არ უზრუნველყო სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო.

„რუსეთის ხელისუფლება თვითნებურად აღასრულებს ადგილობრივ კანონებს აშშ-ის მოქალაქე რელიგიური მუშაკების წინააღმდეგ. დაიწყო საეჭვო სისხლის სამართლის გამოძიება აშშ-ის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რელიგიურ საქმიანობას ეწევიან“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.