აშშ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტებს გადასცემს

პუბლიკა

ვაშინგტონში უკრაინისთვის ახალი, $2,2-მილიარდიანი დახმარების პაკეტი გამოაცხადეს. სამხედრო დახმარების მორიგი პარტია პირველად მოიცავს GLSDB (Ground-Launched Small Diameter Bomb) ტიპის რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია. ამ დრომდე აშშ უკრაინას დაახლოებით 80 კილომეტრის რადიუსში მოქმედ რაკეტებს აწვდიდა მის მიერვე გადაცემული HIMARS-ებისთვის.

პენტაგონის პრესსპიკერის თქმით, მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტები დაეხმარება უკრაინას, რომ მტრის ზურგში უფრო ღრმად მიიტანოს იერიშები. რაკეტების მოქმედების რადიუსი ფარავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დიდ ნაწილს.

შორი მოქმედების რაკეტებთან ერთად აშშ უკრაინას დამატებით ამუნიციას, ჯავშანმანქანებს, სადაზვერვო დრონებს, HAWK-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს და თერმული ხედვით აღჭურვილ ტყვიამფრქვევებს გადასცემს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევს უკვე $30 მილიარდამდე დახმარება გამოუყო, მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო უკრაინამ დასავლეთის სხვა ქვეყნებისგანაც.