„ასოცირების საბჭომ მოუწოდა საქართველოს, დროულად დაასრულოს საარჩევნო რეფორმა" - ერთობლივი განცხადება

პუბლიკა

ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი განხორციელდება.

მათი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. დოკუმენტის თანახმად, საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულების მნიშვნელობას არსებითი და შეუქცევადი რეფორმების განხორციელების გზით, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით იქნება მომზადებული და გატარებული.

„ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დამოკიდებული იქნება მის დამსახურებაზე გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების კუთხით.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ხაზი გაუსვა რა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, და 2021-2027 წწ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიან განხორციელებას”, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც მთავრობა ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, საბჭომ ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან, ასევე, ანტი-ევროპულ რიტორიკასთან და გარე ძალების მიერ საინფორმაციო ჩარევასთან ბრძოლის მნიშვნელობას და მოუწოდა საქართველოს ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯების გადადგმისკენ – ამავდროულად, მხედველობაში მიიღო მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული ძალისხმევა.

ამასთან, მიუთითა, რომ უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით, სასამართლო, პროკურატურის, ანტიკორუფციული და მონეტარული ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.

„ევროკავშირმა აღიარა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რიგ სფეროებში და წარმატებით მოახდინა თავისი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან ბევრ სექტორში, როგორც ეს აღნიშნულია ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშში საქართველოს შესახებ.

აღინიშნა, რომ ამ კუთხით საკვანძო ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი იყო, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობა, მთავრობა და ფართო პოლიტიკური სპექტრი უჭერს. ევროკავშირმა საქართველოში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდა კონსტრუქციული მრავალპარტიული თანამშრომლობისა და დიალოგის დემონსტრირებისკენ, პოლარიზაციის დაძლევისა და ისეთი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებენ პოლიტიკურ დაძაბულობას და შეაფერხებენ ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას.

ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიური, მნიშვნელოვანი და სისტემატური ჩართულობის მნიშვნელობას პოლიტიკის შემუშავების პროცესებში”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ერთობლივ განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ როგორც ასოცირების საბჭომ აღნიშნა, ევროკავშირსა და საქართველოს საერთო ვალდებულება აკავშირებთ, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ დემოკრატია და კანონის უზენაესობა საზოგადოებებში.

განცახდების მიხედვით, ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად გატარებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, დროულად დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ეუთოს/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად,

„ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ბაზის და მართლმსაჯულების სისტემის საერთო შესაძლებლობებისა და მოწყობის გასაუმჯობესებლად გაწეულ სამუშაოს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმის განსახორციელებლად, განსაკუთრებით, ყველა სასამართლო და პროკურატურის ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

ასოცირების საბჭომ მხედველობაში მიიღო საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად გატარებული რეფორმები და მოუწოდა საქართველოს, დროულად დაასრულოს საარჩევნო რეფორმა მოახლოებულ არჩევნებამდე, ვენეციის კომისიისა და ეუთოს/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, და უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, ასოცირების საბჭომ აღნიშნა დეოლიგარქიზაციის, საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრევენციის მიმართულებით გაწეული მუშაობა და ხაზი გაუსვა არსებული სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების აუცილებლობას, მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის საფუძველზე

„ევროკავშირი მიესალმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას და ხაზი გაუსვა ბიუროს დამოუკიდებელი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ძალისხმევა კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ძალისხმევის ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ასოცირების საბჭომ ძლიერი მოლოდინი გამოხატა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად გაზრდის ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან მიერთების მაჩვენებელს და მოუწოდა საქართველოს სრული მიერთების მიმართულებით პროგრესისკენ.