შეჩერდება თუ არა AstraZeneca-თი ვაქცინაცია, დღეს ვიმსჯელებთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 18 მარტს, 19:00-ზე გაიმართება იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის და იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც განიხილავენ ახალციხის შემთხვევას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – იგეგმება თუ არა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეჩერება კვლევის შედეგის მიღებამდე? – გამყრელიძე პასუხობს: „მე გითხარით, რომ 7 საათზე იქნება სხდომა სამინისტროში იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის, სადაც შედიან ჩვენი ცნობილი მეცნიერები და ექიმები, ასევე ექსპერტთა ეროვნული საბჭოში და იქ იქნება განხილული და მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის საკითხთან, რომელსაც თქვენ მისვამთ“.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაფიქსირდა პირველი სერიოზული გართულება.

ახალციხეში 27 წლის ექთანს განუვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. მედიკოსებმა ჯერ არ იციან, ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია. გამყრელიძის თქმით, „ექიმებთან წინასწარი საუბრით ეს უფრო ანაფილაქსიურ რეაქციას ჰგავდა “.