რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს. რუსულ მედიასთან მან თქვა, რომ „მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას“, არ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან.
რუსული მედია ციტირებს „ოცნების“ გენერალური მდივნის, კახი კალაძის კომენტარს, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს დაეხმაროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში, მან ოკუპირებული რეგიონები „მეზობელ ქვეყნებად“ მოიხსენია.
„ნუთუ დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს, ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ის არ გულისხმობდა ჯარების გაყვანას. საქმე ის გახლავთ, რომ აუცილებელია აფხაზეთის, ოსეთისა და საქართველოს რეალობის აღიარება, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში გარკვეული რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება.
ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც რუსეთის ინტერესი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებით. ეს კითხვა დიდი ხანია, გაქრა. თუ ისინი ერთმანეთთან ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ, ეს ყოველთვის დადებითია“, – თქვა ზატულინმა.