დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეთა უსაფრთხოების ხელშწყობისთვის კერძო სკოლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, საჭიროა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, კერძოდ კი, აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა.
„ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროცესი დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. აქ პირველ რიგში იგულისხმება კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალპროფესიული მომზადება. ჩვენი მთავარი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა იმის მიუხედავად, საჯარო სკოლაში სწავლობს თუ კერძოში. ვფიქრობ, ასევე საჭიროა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. კერძოდ, აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. ამ სტანდარტებმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო მოსწავლისთვის. დააწესოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალი კრიტერიუმები. საჭიროა, გაძლიერდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, გაღრმავდეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამინისტრო რამდენიმე დღეში წარმოადგენს ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას.
„მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით პრობლემები ვერ მოგვარდება. აუცილებელია თავად სასკოლო პროცესის განვითარება: უნდა გაიზარდოს დამრიგებლის როლი თითოეული მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით; უნდა გაიზარდოს სკოლის ყოველდღიურობაში, პრობლემათა იდენტიფიცირებისა და გადაჭრის პროცესებში თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა. ამ მიზნით, საჭიროა ელექტრონული რესურსების განვითარება მშობელთა, მასწავლებელთა და სასკოლო საზოგადოების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა…
ახალგაზრდებში უარყოფითი ტენდენციების შესამცირებლად და, რაც მთავარია, მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებით აქტივობებში და არაფორმალური განათლების განვითარება წრეების, კლუბების, სახელოვნებო და სპორტული მიმართულებებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების მიმართულებით საჯარო სკოლებში მიმდინარე ღონისძიებები დაიწყოს კერძო სკოლებშიც.
მოსწავლეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ გეგმას – ჩხენკელი
19 დეკემბერი, 2019
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.