სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტი წერს, რომ გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, მათ შორის, სამუშაო დროის აღრიცხვის, ხელფასების გაანგარიშების, დანამატების გაცემის, მივლინების ხარჯების ანაზღაურების, შიდა კონტროლისა და საწვავის ხარჯვის ლიმიტების დადგენის მიმართულებით.
2023-2024 წლებში ცესკოში შრომის ანაზღაურებაზე 81 556 946 ლარი გაიცა, აქედან 8 888 376 ლარი დანამატებზე.
აუდიტმა შეისწავლა ცესკოს თანამშრომლების მივლინების ხარჯებიც. როგორც დოკუმენტში წერია, 2023-2024 წლებში გასვლით სამუშაო შეხვედრებზე ჯამურად 188 558 ლარი დაიხარჯა. აუდიტი მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში ცესკოს თანამშრომლებს ქვეყნის შიგნით მივლინების დროს აუნაზღაურდათ საშუალო კლასზე მაღალი კლასის სასტუმროს ნომრების ღირებულება.
როგორც აუდიტის სამსახური აღნიშნავს, ქვეყნის შიგნით მივლინებისას, სასტუმროს დაჯავშნისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებისას არ ხდება ადგილობრივი ბაზრის სრულყოფილი და სათანადო შესწავლა, რაც იწვევს სასტუმროს მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას.
რაც შეეხება დამატებით ხარვეზებს, აუდიტის სამსახური წერს:
- „ცესკოში აპარატის თანამშრომლებსა და შრომითი ხელშეკრულებითდასაქმებულ პირებზე სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების პირველადი დოკუმენტი ─ ტაბელი არ ივსება და ცესკოს შენობის შესასვლელის ტურნიკეტის მონაცემებიც არ ხვდება ბუღალტერიაში, რაც ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს.
- ცესკოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგები სათანადოდ არ არის დოკუმენტირებული. შესაბამისად, ვერ ირკვევა, რა სახის ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა ბაზრის კვლევის საგანს, რა მეთოდით და რამდენად სრულყოფილად განხორციელდა ცესკოს მიერ მიწოდების ბაზრის კვლევები.
- ქვეყნის შიგნით მივლინებისას, სასტუმროს დაჯავშნისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებისას არ ხდება ადგილობრივი ბაზრის სრულყოფილი და სათანადო შესწავლა, რაც იწვევს სასტუმროს მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას.
- ცესკოს 2023-2024 წლებში კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ინვენტარიზაციები სრულად არ ჩაუტარებია. შესაბამისად, ორგანიზაცია მოკლებულია შესაძლებლობას ─ განახორციელოს აქტივებისა და ვალდებულებების ზუსტი და სრული აღრიცხვა, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს.
აუდიტის სამსახურმა დოკუმენტი 8 ივნისს გამოაქვეყნა, დღეს, 12 ივნისს, ცესკომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აუდიტის მიერ მიცემული 7-ვე რეკომენდაცია თითქმის სრულად შესრულებულია.
„გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებაში არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია” – წერია ცესკოს გავრცელებულ განცხადებაში.