აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლებმა და თერაპევტებმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე განცხადება შეიტანეს. მშობლების მოთხოვნაა, სახელმწიფომ გამოყოს ალტერნატიული ფართი, სადაც „ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“ გააგრძელებს საქმიანობას.
„ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“ ილიაუნის C კორპუსში მდებარეობდა. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ახალი სასწავლო წლისთვის სრულად დახუროს C კორპუსი.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნაა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ შენობაში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია.
„ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“ 2014 წელს დაარსდა და სერვისს 300-მდე ბენეფიციარი იღებს. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ინტენსიურად მუშაობენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან, რათა ინსტიტუტის ბენეფიციარები და სპეციალისტები თბილისში არსებულ სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრში უმოკლეს დროში გადაანაწილონ.
ცენტრის ბენეფიციართა მშობლები აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი შვილების სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრში გადანაწილება და მოითხოვენ, ცენტრისთვის ალტერნატიული ფართი C კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოინახოს.