რას მოითხოვენ მშობლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან

სალომე გორგოძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სრულად დახუროს C კორპუსი. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნაა, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ შენობაში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია.

ილის უნივერსიტეტის C კორპუსში ბავშვის განვითარების ინსტიტუტი მდებარეობს, რომელიც 2014 წელს დაარსდა. ცენტრში სერვისს 300-მდე ბენეფიციარი იღებს. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ინტენსიურად მუშაობენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან, რათა ინსტიტუტის ბენეფიციარები და სპეციალისტები თბილისში არსებულ სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრში უმოკლეს დროში გადაანაწილონ.

ცენტრის ბენეფიციართა მშობლები აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია  მათი შვილების სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრში გადანაწილება და მოითხოვენ, ცენტრისთვის ალტერნატიული ფართი C კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოინახოს.

რას მოითხოვენ მშობლები?

„პუბლიკასთან“ საუბრისას მშობლები თავიანთი მოთხოვნის ძირითად მოტივებს განმარტავენ.

ისინი ამბობენ, რომ ცენტრის ბენეფიციარები C კორპუსის შენობასთან ძალიან ახლოს მდებარე სკოლებში სწავლობენ და მათთვის სერიოზული პრობლემა იქნება სხვადასხვა ლოკაციებზე სკოლაში სიარულიც და ცენტრის სერვისით სარგებლობაც.

„ჩვენი მოთხოვნაა, უკლებლივ ყველა ბავშვი თავისი თერაპევტებით გადაიყვანონ ერთ შენობაში, ცენტრი არ უნდა დაიშალოს, არ უნდა გაუქმდეს, ცენტრი უნდა შევინარჩუნოთ მთლიანობაში. ალტერნატიული ფართი უნდა გამოიძებნოს მაქსიმალურად ახლოს იმ ტერიტორიასთან, სადაც დღეს მდებარეობს C კორპუსი, რადგან ჩვენი ბავშვები, ძირითადად, დადიან 41-ე და 55-ე საჯარო სკოლებში, რომლებიც ყველაზე ახლოსაა ცენტრის ამჟამინდელ ადგილმდებარეობასთან.

როცა ჩემმა შვილმა დაიწყო ცენტრში სიარული სულ რაღაც 2 მათგანი არსებობდა თბილისში, იქედან მოყოლებული დამყავს ამ ცენტრში, შესაბამისად ბავშვი მივიყვანე სკოლაში ვაკეში, ახლოს მდებარე სკოლაში, ზუსტად ამ ცენტრის პირდაპირ არის ჩემი შვილის სკოლა, ერთი უბნიდან მეორეში ვერ ვატარებ, ეს გამორიცხულია.

მხოლოდ მე არ ვარ ასე, ყველა მშობელმა ასე დაგეგმა, სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენთვის მიუღებელია სხვა ცენტრებში ჩვენი გადანაწილება, თუნდაც ჩემს სახლთან ახლოს მდებარე ცენტრში გამანაწილონ, სკოლაში ისევ ვაკეში უნდა მივიდეს ბავშვი, რაც წარმოუდგენელია“, – ამბობს ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარის მშობელი მარი კორკოტაძე.

ცენტრის კიდევ ერთი ბენეფიციარის მშობელი  ანი დანელია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბენეფიციართა უმეტესობას ახალ ადგილებთან ადაპტაცია უჭირს, რაც კიდევ ერთი დაბრკოლება იქნება ბავშვებისთვის, ისარგებლონ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისით რომელთაც ცენტრი სთავაზობს.

„ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე არავინ არ ფიქრობს. მაგალითად, ჩემი შვილიც იმ ბავშვთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც მისთვის უცნობ შენობაში ფეხს არ შეადგამს; გვყავს ბავშვები, რომლებსაც, თუ ცენტრის ტერიტორიაზე არ გაუჩერე მანქანა და ოდნავ მოშორებით გაჩერდი, მანქანიდან არ გადმოვა. ჩემი შვილი ზუსტად ამ კატეგორიაშია; არ გადმოვა მანქანიდან, რადგან მას ეწყება შფოთვა, რომ რაღაც ახალი შემოდის მის ცხოვრებაში, რისთვისაც მზაობა არ აქვს“, – ამბობს ანი დანელია.

მშობლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ აღნიშნული ცენტრის მუშაობასა და განვითარებაში წლების განმავლობაში დიდი შრომა აქვთ ჩადებული და მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია მისი დაშლა და ბენეფიციარების სხვადასხვა ცენტრში გადანაწილება.

„ეს ცენტრი არ არის ისეთი, როგორც სხვა კერძო ცენტრები, რომლებიც შემოსავალზე არიან ორიენტირებულნი. ამ ცენტრის არსებობაში ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის მშობლებს, როგორც ადამიანური რესურსის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. მაგალითად, ორგანიზება გავუწიეთ რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტს და შემოსული თანხა ჩავურიცხეთ ილიას უნივერსიტეტს, რომ ეს ცენტრი გაერემონტებინა და ა.შ.

ასე რომ, ეს ცენტრი ჩვენიცაა, ძალიან დიდი შრომაა ჩადებული მის შექმნასა და განვითარებაში. აბსოლუტურად მიუღებელია, ასე რუდუნებით ნაშენებს  რომ გვიშლიან და სხვადასხვა ცენტრში გვთავაზობენ განაწილებას.“, – ამბობს მარი კორკოტაძე.

მშობლები განმარტავენ, რომ ტერიტორიასთან დაკავშირებული მოთხოვნა „მათი ახირება არ არის“ და კარგად აქვთ გააზრებული, რომ, თუ შენობა ავარიულია, პირველ რიგში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია გასათვალისწინებელი, მაგრამ ისინი ეჭვით უყურებენ ექსპერტიზის დასკვნას შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით და მოითხოვენ, დასკვნა გასაჯაროვდეს.

„ჩვენი პირველი მოთხოვნაა რომ გასაჯაროვდეს კვლევის შედეგები, დასკვნა იყოს ჩვენთვის ხელმისაწვდომი, რომ შემდეგ ჩვენ შევძლოთ ამ კომპანიის ისტორიის მოძიება და შესაბამისად სანდოობის დადგენა.

მეორე მოთხოვნაა და აუცილებელი პირობაა, რომ არ ვთანხმდებით სხვა ცენტრებში განაწილებაზე, არავითარ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით რა რესურსები აქვთ იმ სხვა პროვაიდერებს, რომლებიც მერიის პროგრამაში არიან ჩართული, ჩვენს ხელშია გამოვლი ეს ყველაფერი , ცოდნა და გამოცდილება დაგვიგროვდა, 16 წელია უკვე ამ თემის წარმომადგენელი ვარ.

ცენტრის ისტორია 2010 წლიდან იწყება როდესაც ჯერ კიდევ სულ პატარა სივრცეში 2 ოთახში შეიქმნა აუტიზმის ცენტრი სოფო კერესელიძის ხელმძღვანელობით, უნივერისტეტმა სოციალური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და ეს სივრცე გამოეყო და ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო 8-10 ბავშვით. შემდეგ უკვე ნელ-ნელა განვითარდა,  იმდენად დიდი იყო მომართვიანობა, რომ საჭირო იყო გავფართოებულიყავით. უნივერსიტეტი გვერდში დაგვიდგა…. წლების განმავლობაში ვიბრძოდით აუტიზმის პროგრამის შემუშავებაზე და არსებობს უკვე ეს პროგრამა თბილისის მერიის დაფინანსებით. ეს ყველაფერი გამოიარა ცენტრმა და არ ვაპირებთ დათმობაზე წასვლას“,- ამბობს ანი დანელია.

მშობლების თქმით, თუკი უნივერსიტეტი არ შესთავაზებს მათ ალტერნატიულ ფართს და ბენეფიციარების სხვადასხვა ცენტრში გადანაწილების გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, მათი პროტესტი პერმანენტული გახდება იქამდე, სანამ უნივერსიტეტი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. მშობლები ასევე აპირებენ ოფიციალურად მიმართონ სახალხო დამცველსაც.

„პუბლიკა“ ესაუბრა ცენტრის დირექტორს ნინო ცინცაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ შექმნილი ვითარების გამო იმავე ქუჩაზე ალტერნატიული ფართის გამოძებნა გამორიცხულია, მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ბენეფიციარები რაც შეიძლება ახლოს მდებარე ცენტრში ერთად გადავიდნენ და არ გადანაწილდნენ თბილისში მდებარე სხვადასხვა ცენტრებში.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ერთიანად მიიღოს ეს ბავშვები რომელიმე შედარებით ახლომდებარე და არა შორს მდებარე ცენტრმა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან სწრაფად გვექნება პორგრესი.

ძალინ კარგად მესმის, რომ ყველა არა, მაგრამ ბენეფიციარების უმრავლესობა დადიოდა ახლომდებარე სკოლებში და ძალიან მოსახერხებელი იყო ფალიაშვილის ქუჩაზე ამ ცენტრის არსებობა, მაგრამ ყველა ჩვენგანისგან დამოუკიდებლად მომხდარი და მოულოდნელი ვითარება გამორიცხავს იმას, რომ ამავე ქუჩაზე, ამავე ტერიტორიაზე რაღაც მსგავსი ფართის და შესაძლებლობების შენობა მოიძებნოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ერთად იყვნენ ცენტრის ბენეფიციარები, ერთად მიიღოს რომელიმე ცენტრმა და ის არ იყოს ახლანდელი მდებარეობიდან შორს“,- უთხრა „პუბლიკას“ ნინო ცინცაძემ.

რა განმარტებები აქვთ უნივერსიტეტში?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დღეს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  ისინი ინტენსიურად მუშაობენ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან, რათა უმოკლეს დროში გადაანაწილონ ინსტიტუტის ბენეფიციარები და სპეციალისტები  თბილისში არსებულ სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრებში.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გუნდი ინტენსიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და პროფესიულ მხარდაჭერას გაუწევს ამ ცენტრებს, რათა არცერთი ბენეფიციარი არ დარჩეს თერაპიული მომსახურების გარეშე. სპეციალურად შერჩეულ სივრცეებში მათ მოემსახურებიან იგივე პედაგოგები, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ილიას უნივერსიტეტში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ უნივერსიტეტი ყოველ ზაფხულს ახორციელებს სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მონიტორინგს. წელს ამ პროცესის ფარგლებში განხორციელებულმა ექსპერტიზამ (შპს “მშენ-ექპერტი +”) გამოავლინა, რომ უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.

გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ანგარიშის მიღებისთანავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აწარმოა კონსულტაციები სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენელ ექსპერტებთან იმის შესახებ, ხომ არ იყო შესაძლებელი აღნიშნული კორპუსის ნაწილობრივი დატვირთვა მაინც, თუმცა უნივერსიტეტს ვერავინ მისცა იმის გარანტია, რომ შესაძლებელი იქნებოდა შენობის უსაფრთხო გამოყენება თუნდაც შეზღუდული მასშტაბებით.

„პუბლიკა“ უნივერსიტეტს ადმინისტრაციას დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, რა პოზიცია აქვთ მშობლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ცენტრებში გადანაწილება არის თუ არა ერთადერი გამოსავალი, რომელსაც ცენტრის ბენეფიციარებს სთავაზობენ?

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ მშობლების მოთხოვნა, ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე განიხილება.  ამბობენ, რომ მშობლების მონაწილეობით ჩანიშნულია კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავენ და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მეტი დეტალი ამ შეხვედრის დასრულების შემდგომ გახდება ცხადი.

ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის შესახებ

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 2014 წლის 24 იანვარს დაარსდა. ინსტიტუტი წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ მრავალპროფილურ დაწესებულებას, რომელიც ერთ სივრცეში ქმნის განათლების, კვლევისა და ხარისხიანი სერვისის მიღების შესაძლებლობას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში.

„ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის თანამედროვე, მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული თერაპიის მოდელის დანერგვაში.

2014 წლიდან უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებული აბილიტაციის პროგრამას, რომელიც შემდგომ დაინერგა მთელი ქვეყნის მასშტაბით. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მომზადდა და დაინერგა ენისა და მეტყველების თერაპიის კვლევითი და სასწავლო პროგრამები, ადრეული ჩარევისა და ინკლუზიური განათლების მოდულები. ამ ინსტიტუტის ბენეფიციარებს სპეციალურად აღჭურვილი სივრცეები ესაჭიროებათ, რომელთა მოწყობასა და განვითარებაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წლების განმავლობაში ასევე დიდი რესურსი ჩადო“- აცხადებენ უნივერსიტეტში.

ამჯერად ინსტიტუტი აერთიანებს შემდეგ ცენტრებს: სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრი; განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო-პრაქტიკული ცენტრი; ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი; აუტიზმის ცენტრი.

აღნიშნულ ცენტრებში შესაბამის სერვისს იღებს 300-მდე ბენეფიციარი.