ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა ბრალდება

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა ბრალდება.

უწყების მტკიცებით, გიგა ავალიანზე თავდასხმის დაგეგმვისას მსჯავრდადებულებმა ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე ჩიქოვანმა და გიორგი რიკაძემ გიგა ავალიანის მისამართი, სამუშაო გრაფიკი და გადაადგილების მარშრუტი შეისწავლეს გიორგი მალანიას დახმარებით. მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო.

„ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, შეამოწმეს მისი სოციალური ქსელი, საიდანაც გადმოტვირთეს ფოტო იმისათვის, რომ აღექვათ და დაემახსოვრებინათ ვიზუალურად“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 ივლისს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.