ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, მომდევნო პროექტი კალოუბნის N18-ში განხორციელდება - მერია

პუბლიკა

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების  პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი კალოუბნის N18-ში განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებთან შეთანხმება მიღწეულია და საპროექტო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.

„ავარიული კორპუსების ჩანაცვლების  პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც პროექტირების ეტაპზეა. კალოუბნის N18-ში მდებარე კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს აქ და მათი მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება. მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია. გაფორმებულია ხელშეკრულება საპროექტო კომპანიასთანაც, რომელიც დეტალურ პროექტირებას წლის ბოლომდე დაასრულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა რაიონების გამგებლებს მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„სამწუხაროდ, დედაქალაქში, დაახლოებით, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს,  მაგრამ საზოგადოებას კონკრეტული პროგრამა წარვუდგინეთ, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლების განმავლობაში ეს შენობები ჩანაცვლდება. გამგებლებს მოგიწოდებთ, მაქსიმალურად დაუჭიროთ მხარი ოჯახებს, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან. არის შემთხვევები, როდესაც ზოგი მათგანი დამატებით ფართს ითხოვს, მეზობლები ვერ თანხმდებიან სხვადასხვა საკითხზე, რაც იწვევს პროექტის შეფერხებას, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება სრული მზაობა აღნიშნული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.