შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში ავტომობილი გადავარდა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. უწყების ცნობით, ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ კი ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
მეხანძრე-მაშველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეცტექნიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.