მტკვარში მანქანა გადავარდა - შსს-ს ცნობით, 1 პირი უვნებლად ამოიყვანეს, ეძებენ რამდენიმე ადამიანს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში ავტომობილი გადავარდა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს და მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება.

„თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეცტექნიკა.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.