ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების 10 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც 28 სამხედრო მოსამსახურესთან ერთად „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. ინფიცირებული სამხედროები საქართველოში, ნატოს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად – 10 ივლისს და დღეს ჩამოიყვანეს.

„10 ივლისს გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან 8 გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილის გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იმავე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება“, – ამბობენ უწყებაში.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის, ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „კოვიდ-19“ არ უდასტურდებათ. სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოში ჩამოფრენამდე, ნატო-ს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში.

„სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მაღალ დონეზე შეაფასა. ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის“, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.