თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისის რეისზე ფრენის ნებართვა ავიაკომპანია Red Wings-მა მიიღო - ავიაციის სააგენტო

პუბლიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კიდევ ერთ ავიაკომპანიას მისცეს ნებართვა და „Red Wings“ თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იწყებს ოპერირებას.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იფრენს.

„ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა.

10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა.  სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. მათივე ცნობით, კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს.