ავსტრიამ აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დააწესა

პუბლიკა

ავსტრიამ აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, შეზღუდვები 2 მილიონი ადამიანისთვის დღეიდან, 15 ნოემბრიდან ამოქმედდა. შეზღუდვების შემოღების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდაა.

„ამ ნაბიჯის გადადგმა არ არის ადვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, აუცილებელია“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, ალექსანდერ შალენბერგმა კვირას.

ადამიანებს, რომლებიც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არ არიან აცრილები, უფლება ექნებათ, სახლი დატოვონ მხოლოდ კონკრეტული მიზეზით, როგორიცაა: ექიმთან მისვლა, სასურსათო პროდუქტის შეძენა, სამსახურში წასვლა და ვაქცინაცია. არავაქცინირებულ ადამიანებს ეკრძალებათ რესტორნებში, კინოთეატრებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში შესვლა.

ავსტრიის მთავრობის განცხადებით, მათი მიზანია კონტაქტების მაქსიმალური შემცირება ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებს შორის. მათი ინფორმაციით, პოლიცია საჯარო სივრცეებში გააკონტროლებს მოქალაქეების ვაქცინირებულობის სტატუსს. იმ შემთხვევაში, თუ არავაქცინირებული მოქალაქე დაარღვევს რეგულაციებს, ის დაჯარიმდება 500 ევროთი, ხოლო შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში – 1450 ევროთი.

ავსტრიაში მოსახლეობის 65%-ია აცრილი, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი. ეს რიცხვი არის სამარცხვინოდ დაბალი“, – განაცხადა კანცლერმა.