ავტომფლობელები ღამის საათებში მანქანების ხმაურის დონის შემზღუდველი რეგულაციის გაუქმებას, უკვე დაკისრებული ჯარიმების ანულირებას, გადახდილი თანხების დაბრუნებასა და მანქანების ჩამორთმევის პრაქტიკის შეჩერებას მოითხოვენ.
მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ირაკლი კობახიძეს ერთობლივი განცხადებით მიმართეს.
ავტომფლობელებისა და ავტომოყვარულების განცხადებით, მოქმედი რეგულაციები არათანაზომიერია, საერთაშორისო პრაქტიკასთან შეუსაბამოა და ავტომფლობელების ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.
2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა №584 დადგენილება, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, ავტომობილით გამოწვეული ხმაურის მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრად 80 დეციბალი განისაზღვრა. ხმაურის გაზომვის წესის მიხედვით კი, ხმის მზომი ხელსაწყო ავტომობილის მაყუჩიდან 50 სანტიმეტრის დაშორებით უნდა განთავსდეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ქუჩებში ავტომობილების გაჩერება და შემოწმება დაიწყეს, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს არ არღვევდნენ. მათი თქმით, შემოწმებების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს ავტო და მოტოპარკის დიდი ნაწილი დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც მძღოლები დღემდე ჯარიმდებიან და მართვის მოწმობის ქულებს კარგავენ.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს როგორც ძველი, ისე სრულიად ახალი, ქარხნულ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილები და მოტოციკლები. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არაერთი საჩივარია შესული.
ავტომფლობელების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის №584 დადგენილება ეწინააღმდეგება 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებას, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესები განისაზღვრა.
2017 წლის დადგენილებით ტექნიკური ინსპექტირებისას ხმაურის დასაშვებ მაჩვენებლად 95-105 დეციბალია გათვალისწინებული. მათი შეფასებით, წინააღმდეგობრივია ვითარება, როდესაც ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას წარმატებით გადის, თუმცა ღამის საათებში გადაადგილებისას ხმაურის მოქმედი რეგულაციის გამო მძღოლი შესაძლოა დაჯარიმდეს.
განცხადების ავტორები ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ 80 დეციბალის ზღვრის განსაზღვრის მეთოდოლოგიას. მათი მოსაზრებით, გაუგებარია, რა საფუძვლით შეირჩა ეს მაჩვენებელი და რამდენად სწორია მისი გამოყენება მაშინ, როდესაც ხმაურის გაზომვა მაყუჩიდან მხოლოდ 50 სანტიმეტრის დაშორებით ხდება.
მათი განმარტებით, დასავლურ პრაქტიკაში 80 დეციბელის მაჩვენებელი, როგორც მათთვის ცნობილია, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებიდან, საათში 50 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი ავტომობილის ხმაურის გაზომვას უკავშირდება. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ მაჩვენებლის 50 სანტიმეტრის დაშორებით გაზომვისას გამოყენება მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური შეცდომაა, რადგან გაზომვის წერტილებს შორის მანძილი არსებითად განსხვავდება.
განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ავტომობილებისა და მოტოციკლების შემოწმების მეთოდზეც. ავტორების თქმით, ხმაურის გაზომვა ძრავის მაქსიმალური ბრუნვის ნახევარზე და ყველაზე ხმაურიან რეჟიმში ხდება, რაც, მათი შეფასებით, შემოწმების სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს.
მათი განმარტებით, ავტომობილს ყოველდღიური გადაადგილებისას ძრავის ამგვარი ბრუნვის გამოყენება არ სჭირდება. ამასთან, თანამედროვე ავტომობილებს გარემო პირობებისა და გამოყენების დანიშნულების მიხედვით სხვადასხვა რეჟიმი აქვთ, მათ შორის ქალაქის, ტრასისა და სარბოლო ტრეკის რეჟიმები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ავტომობილების სარბოლო რეჟიმში შემოწმება არასწორია.
ავტომფლობელები და მოყვარულები ასევე ამბობენ, რომ „მოქმედი რეგულაციით ქვეყანაში, მშვიდობიან პირობებში, ფაქტობრივად, „საავტომობილო კომენდანტის საათი“ დაწესდა, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა“.
ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება უნდა ჰქონდეთ და ამ არგუმენტს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს უკავშირებენ.
ამასთან, ავტომფლობელები ხაზს უსვამენ, რომ ღამის საათებში ხმაურით შეწუხებული მოქალაქეების უფლებების დაცვასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მათი განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მძღოლების ქცევა, რომლებიც უხეშად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, ახორციელებენ სახიფათო მანევრებს, დრიფტს ან აჭარბებენ სიჩქარეს.
თუმცა, აქციის მონაწილეების აზრით, ეს გარემოებები არ ამართლებს ისეთი მკაცრი, საერთაშორისო პრაქტიკასთან შეუსაბამო და უსამართლო შეზღუდვის დაწესებას, რომელიც მძღოლების ფართო წრეს ეხება.
ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, ყურადღება კონკრეტული სამართალდამრღვევების გამოვლენასა და მათ ქცევაზე გაამახვილოს, კანონით გათვალისწინებული ზომები გამოიყენოს და შესაბამისი პირები დააჯარიმოს, ნაცვლად იმისა, რომ, მათი შეფასებით, საყოველთაო შიშისა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის პირობებში ებრძოლოს ღამის ხმაურს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, გაუქმდეს მთავრობის №584 დადგენილება და მის ნაცვლად ახალი რეგულაცია მიიღონ, რომელიც 2017 წლის №510 დადგენილებასა და ტექნიკური ინსპექტირების ნორმებთან იქნება თანხვედრაში.
განცხადების ავტორების მოთხოვნით, ხმაურის დასაშვები ზღვარი მინიმუმ 105 დეციბელით უნდა განისაზღვროს.
ისინი ასევე მოითხოვენ, გაუქმდეს №584 დადგენილების საფუძველზე უკვე დაკისრებული ჯარიმები და მძღოლებს გადახდილი თანხები დაუბრუნდეთ. მათი შეფასებით, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გაუსვამს ხაზს მოქალაქეების მიმართ.
ავტომოყვარულები ასევე მიუთითებენ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილში გამოყენებული ტერმინი „გადაკეთებული მაყუჩი“.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ ჩანაწერის საფუძველზე ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში არაერთი ადამიანი დაჯარიმდა, ხოლო ავტომობილები და მოტოტექნიკა ჩამოართვეს. ისინი აღნიშნული ჩანაწერის კანონმდებლობიდან ამოღებასა და გაუქმებას ითხოვენ და პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტთან შუამდგომლობას სთხოვენ.
განცხადების ავტორების შეფასებით, პოლიციელს არ აქვს საკმარისი სპეციალური ცოდნა და ტექნიკური საშუალებები, რათა ქუჩის პირობებში, ადგილზე, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით ობიექტურად დაადგინოს, არის თუ არა ავტომობილის მაყუჩი გადაკეთებული.
მათი აზრით, ასეთი ფაქტის დადგენა ექსპერტის კომპეტენციაა და სპეციალურ ცოდნას, შესაბამის ლიცენზიასა და ტექნიკურ საშუალებებს საჭიროებს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პოლიციელის მიერ მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე მაყუჩის გადაკეთებულად მიჩნევა უფლებამოსილების გადამეტებაა და, მათი შეფასებით, შესაძლოა, კანონით დასჯად ქმედებასაც წარმოადგენდეს.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად განცხადების ავტორებს მოჰყავთ დანის მაგალითი: მათი განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პოლიციელი ავტომობილში დანას აღმოაჩენს, მისი სამართლებრივი სტატუსის დასადგენად ნივთი ექსპერტიზაზე უნდა გაიგზავნოს, ხოლო მფლობელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადებითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე უნდა დაეკისროს.
აქციის მონაწილეების აზრით, იმ პირობებში, როდესაც ავტომობილების ხმაურის დონის გაზომვა უკვე ხორციელდება, „გადაკეთებული მაყუჩის“ შესახებ ჩანაწერის არსებული ფორმით გამოყენება გაუმართლებელია. მათი თქმით, კონტროლი ხმაურის დასაშვები დონის მიხედვით უნდა განხორციელდეს და თუ გადაკეთებული მაყუჩის მქონე ავტომობილი კანონით დადგენილ ზღვარს არ აჭარბებს, ეს გარემოება თავისთავად სამართალდარღვევად არ უნდა ჩაითვალოს.
განცხადების ავტორები ასევე მოითხოვენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-9 ნაწილის სრულად გაუქმებას, რომლის საფუძველზეც, მათი განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების 10 დღით ჩამორთმევა ხდება.
მათი შეფასებით, ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება იმავე მუხლის შენიშვნასთან. ამასთან, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა სავალდებულო წესით ხდება.
განცხადების მიხედვით, ჯარიმის გასაჩივრების შემთხვევაშიც კი, მფლობელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიუხედავად, ავტომობილს ან მოტოტექნიკას მესაკუთრეს ზოგჯერ თვეობით არ უბრუნებენ.
ავტომფლობელები მიიჩნევენ, რომ ეს არღვევს ადამიანის უფლებას, საკუთარი საკუთრებით სურვილისამებრ ისარგებლოს. მათი შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა ერთგვარი ზეწოლის მექანიზმიცაა, რადგან მძღოლს შეიძლება გაუჩნდეს შიში, რომ საკუთრებას თვეების განმავლობაში ვერ დაიბრუნებს, რის გამოც სამართლიანობისთვის ბრძოლაზე უარი თქვას და დაკისრებული ჯარიმა იძულებით გადაიხადოს.
ავტომფლობელები ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთი მოთხოვნით მიმართავენ: სანამ განცხადებაში ჩამოთვლილი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, მთავრობის მეთაურის მითითებით გამოცხადდეს მორატორიუმი და შეჩერდეს შესაბამისი სამართალდარღვევების საფუძველზე მძღოლების დაჯარიმება და ავტომობილებისა თუ მოტოტექნიკის ჩამორთმევა.
განცხადების ავტორების თქმით, მოქალაქეები წელიწად-ნახევრის განმავლობაში ელოდნენ სამართლიანი რეგულაციის მიღებას, რომელიც დღის და ღამის საათებში ავტომობილების გადაადგილებასა და ხმაურს დაარეგულირებდა.
მათი განმარტებით, მიუხედავად არაერთი ადმინისტრაციული დაპირებისა, ხმაურის რეგულაციის შემოღებასა და შესაბამისი საზომი ტექნიკის შეძენას ერთ წელზე მეტი დასჭირდა, საბოლოოდ კი, მათი შეფასებით, დასაშვები ხმაურის ზღვარი არასწორად განისაზღვრა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მძღოლები უსამართლოდ ჯარიმდებოდნენ, რასაც თან ახლდა ავტომობილებისა და მოტოტექნიკის ჩამორთმევა და მართვის მოწმობის ქულების შემცირება. მათი თქმით, ეს პრაქტიკა დღემდე გრძელდება და საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე უნდა შეჩერდეს.
მათივე განცხადებით, მზად არიან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრისა და დიალოგისთვის.