ავტორიზაციის შესანარჩუნებლად „ალტ-ინფოს“ მეწილე შეიცვალა

პუბლიკა

აპრილში მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პრორუსული და ძალადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე და გენერალური მდივანი შეიცვალა – ეს ადგილები გიორგი ქარდავამ და შოთა მარტინენკომ დაიკავეს. შეიცვალა პარტიის სახელიც და ახლა მას „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ჰქვია.

ამასთან, პარტიული წარმომადგენლობის ცვლილების პარალელურად, ცვლილება შევიდა პრორუსულ მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს“ მეწილეებშიც. ამ გადანაცვლების მიზანი „ალტ-ინფოსთვის“ მაუწყებლის ავტორიზაციის შენარჩუნება იყო.

რას ითვალისწინებს კანონი? – „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში აღნიშნულია, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი. 

კანონის ამ მოთხოვნათა საპასუხოდ, პოზიციები ასე შეიცვალა – პარტიის გენერალურ მდივნობისთვის შოთა მარტინენკომ შპს „ალტ-ინფოს“ 50%-იანი წილი დათმო. აღნიშნული 50% კი შემდგომ გაფორმდა ალექსანდრე ქარდავაზე, რომელიც პარტიის სარევიზიო კომისიის წევრი იყო. „პუბლიკასთან“ საუბრისას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია ამბობს, რომ პარტია ალექსანდრე ქარდავამ დატოვა და გადაინაცვლა ტელევიზიაში.

შედეგად, დღეის მდგომარეობით, შპს „ალტ-ინფოს“ 50%-ის მფლობელი ციალა მორგოშიაა, მეორე 50%-ის კი ალექსანდრე ქარდავა, რომელიც პარტიის წევრი აღარ არის. 

„შოთა მარტინენკომ წილი დათმო, რადგან პარტიაში ცვლილებები როცა გვქონდა, მარტინენკო გადავიყვანეთ გენერალურ მდივნად და არ აქვს უფლება, რომ ტელევიზიაში მეწილე და დირექტორი იყოს.  ამჟამად მეწილეები მამიდაჩემი და გიორგი ქარდავას ძმა, ალექსანდრე ქარდავაა. ალექსანდრე ქარდავა აღარ არის პარტიის წევრი, რადგან როდესაც პარტიაში შევცვალეთ სახელი, თავმჯდომარე და გენერალური მდივანი, ალექსანდრე ქარდავამ დატოვა პარტია და გადაინაცვლა ტელევიზიაში. მიზანი იყო ის, რომ კანონთან ყოფილიყო შესაბამისობაში“, – უთხრა მორგოშიამ „პუბლიკას“.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ კოორდინატორი ნათია კაპანაძე აღნიშნავს, რომ შპს „ალტ ინფო” და პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ყოველთვის აღიქმებოდა ერთიანი პოლიტიკური განაცხადის ორ თანაბარ ნაწილად.

„როცა შეიცვალა პარტიის სახელი (ახლა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ჰქვია), ორგანიზაციების ეს კავშირი კიდევ უფრო ხელშესახები გახდა ნაკლებად ინფორმირებული ადამიანისთვისაც კი.

პარტიისა და მაუწყებლის სახელწოდების დაახლოება გამოხატვის თავისუფლების ზოგად სტანდარტებს არ არღვევს, მაგრამ ეწინააღმდეგება „მაუწყებლობის შესახებ” კანონის ერთ-ერთ მთავარ მიზანს – მაუწყებლობა არ ექვემდებარებოდეს პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჯარო წყაროებით ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის შესახებ, შპს „ალტ ინფოსთან“ და შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანები როგორ ხელმძღვანელობდნენ 5 და 6 ივლისის მოვლენებს. საგამოძიებო უწყებებს მედიაზე მასშტაბური თავდასხმის ორგანიზებისთვის ჯერ კიდევ არავინ დაუკავებია. ჩემი შეფასებით, ამ დრომდე, სამართლებრივი პრობლემა სწორედ ადამიანების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასა და სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირებაში გამოიხატა“, – ამბობს კაპანაძე.