აზარტული თამაშების კომპანიებისთვის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.
საკანონმდებლო ცვლილებები ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის მიერ არის ინიციირებული.
კანონპროექტის მიხედვით:
- იზრდება სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები.
- კერძოდ, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 20 000 ლარით.
- სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 1 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 10 000 ლარით.
- აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 10 000 ლარით.
- აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა – 2 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 10 000 ლარით, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმის ოდენობა – 7 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება – 20 000 ლარით.
განმარტებითი ბართის თანახმად, „ამჟამად მოქმედი ჯარიმების ოდენობა ვერ ასრულებს რეალურ შემაკავებელ ფუნქციას, ვერ უზრუნველყოფს რისკების ეფექტიან პრევენციას და შესაბამისად, ნებართვის მფლობელებისთვის (ორგანიზატორებისთვის) ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიკურად მიზანშეწონილია სანებართვო პირობების დარღვევა და შემდგომ ჯარიმის გადახდა, ვიდრე დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა“.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია სათამაშო ბიზნესის სფეროში რეგულაციების აღსრულების გამკაცრება და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაზრდა. ამასთანავე, ცვლილება მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, მოქმედი ჯარიმების ოდენობა მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა, ბიუჯეტის შემოსულობები სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო წლიდან წლამდე მზარდია“, – წერია განმარტებით ბარათში.