აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით მედიისთვის დისკომფორტის შექმნას ცდილობენ - ბუაძე

პუბლიკა

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი და, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში მედიაბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან.

როგორც ინიციატივის წარდგენისას ბრიფინგზე პარტიის წევრმა საბა ბუაძემ განმარტა, ეს ინიციატივა, ერთი მხრივ, განპირობებულია პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რომელმაც სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა, მეორე მხრივ კი, განაპირობა პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა განცხადებამ, რომელიც გულისხმობს აზარტული თამაშების შეზღუდვას, მათ შორის, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას.

„სხვა მოცემულობაში ეს ინიციატივა იქნებოდა სწორი და გამართლებული. „ლელო“ აზარტული თამაშების რეგულირებას ჯერ კიდევ გასულ საპარლამენტო არჩევნებამდე მოითხოვდა, მაგრამ აქ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ცხადი პოლიტიკური მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ აზარტული თამაშებიდან სარეკლამო ბაზარზე შესული თანხის სახით დისკომფორტი შეუქმნას მედიას და კრიტიკული მედია ამ ფორმით შეავიწროოს“, – ამბობს ბუაძე.

მისივე თქმით, ღარიბაშვილის ორმაგი სტანდარტი იქიდანაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ ის მოქალაქეებს ჰპირდებოდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში კაზინოს ქალაქის შექმნას. მიმდინარე ზაფხულში გადასახადებისგან გაათავისუფლა რამდენიმე კაზინო, თბილისში მდებარე კაზინოებს კი მოსაკრებელი გაუნახევრა.

„ქართულ ოცნებას“ აზარტული თამაშების რეგულირება კი არ უნდა და ამ პრობლემის მოწესრიგება, რეალურად უნდა, აზარტული თამაშების გავლით მედიაზე მოახდინოს ზეგავლენა.

თავად აზარტული თამაშები ამ ქვეყანაში გადაიქცა უმწვავეს პრობლემად და ჩვენ ვიცით, რომ მოზარდი მოსახლეობის თითქმის 10% არის დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა 20% არის გადაჭარბებულად აზარტული თამაშების მოთამაშე, ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც გაღრმავდა „ქართული ოცნების“ პირობებში და ამ ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ახლა ამის სარჩულით ისინი ცდილობენ, შექმნან პრობლემა და ზუსტად ამას ეხმაურება ჩვენი ინიციატივა, დავიცვათ საზოგადოებისა და მედიის ინტერესები და მედია ამ ფორმით არ დაზიანდეს“, – აცხადებს ბუაძე.

მისივე თქმით, ამ მიზით, „ლელომ“ უკვე დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს მედიის გატავისუფლებას გადასახადებიდან, რათა არ მიიღოს ზიანი შემოსავლების შემცირებით. რადგან მისივე თქმით, აზარტული თამაშებიდან სარეკლამო შემოსავლებში შესული თანხა წარმოადგენს მთლიანი კომერციული შემოსავლების 20%-ს ბევრი მედიისთვის.

გუშინ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობით ხელშეკრულების გაფორმება. „ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება“.

საკითხს გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: 

„ეს არის მორიგი სპეკულაცია, ერთადერთი რისგანაც სასურველია, რომ მედია გათავისუფლდეს, არის სიძულვილი. ყველა მედიას ვუსურვებ, რომ მაქსიმალურად გათავისუფლდნენ სიძულვილისგან”, – განაცხადა კობაძიძემ.