აზერბაიჯანი პოლიტიკურ პატიმრებზე ზეწოლას აძლიერებს 

პუბლიკა

ავტორი: აითან ფარჰადოვა

თებერვლის შემდეგ აზერბაიჯანში დაპატიმრებულ სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებსა და მეცნიერებზე ზეწოლა გაძლიერდა. საზღვარგარეთ მყოფ აზერბაიჯანელ აქტივისტებს შორის ბევრი ვარაუდი გაჩნდა იმის შესახებ, თუ რატომ იზრდება ეს ზეწოლა მაინცდამაინც ახლა.

თებერვლის ბოლოდან Meydan TV-ის დაპატიმრებული ჟურნალისტები: აითაჯ აჰმადოვა (თაფდიგი), აისელ უმუდოვა და ხაიალა აღაიევა ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკ მოპყრობასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობდნენ.

მოგვიანებით, ჟურნალისტებმა უარი თქვეს ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე მინის ტიხრის მიღმა, რომელიც იზოლატორის პაემნების ოთახში ახლახან აშენდა. მათ ეს მათსავე წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნიეს.

ამის შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტია „სახალხო ფრონტის“ (PFP) დაკავებული წევრი ზამინ სალაევი N11 დაწესებულების კარცერში მოათავსეს. სალაევის ოჯახის თქმით, „ბრძანება სხვაგან“, ციხის გარედან გაიცა.

მარტის დასაწყისში ბაქოში მოძრაობა „მუსლიმური ერთობის“ ორი წევრი, სამირ ბაბაევი და ალიკრამ ნამაზოვი დააკავეს. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, ბაბაევს ეკუთვნის, სადაც ის ჰყვება, როგორ აწამეს დაკავებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის დროს.

25 მარტს აქტივისტმა, რომელიც მშვიდობისთვის იბრძვის, და OC Media-ს კონტრიბუტორმა ბაჰრუზ სამადოვმა, რომელიც ასევე დაპატიმრებულია, საზოგადოებას ციხეში არსებული მძიმე პირობები გააცნო და დეტალურად აღწერა, თუ როგორ განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას და არის იზოლირებული.

30 მარტს ყოფილი დეპუტატის, ასევე დაპატიმრებული ნაზიმ ბაიდამირლის მეუღლემ, ფარიდა ბაიდამირლიმ, სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიმართა და ქმრის შინაპატიმრობაში გადაყვანა სთხოვა.

ნაზიმ ბაიდამირლი 2023 წლის ივლისში დააკავეს, მოგვიანებით კი გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი მეუღლის თქმით, ნაზიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში მუდმივად უარესდება.

„ჩვენ, ბაიდამირლების ოჯახი, ამ ქვეყანაში არავის მივიჩნევთ მტრად, მაგრამ ჩვენმა მტრებმა, რომელთა სახელებიც არ ვიცით, ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციეს. ნაზიმ ბაიდამირლი ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემებით. ის უნდა გადაიყვანონ უფრო დიდ საავადმყოფოში და მან უნდა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა“, – თქვა ცოლმა.

ამ შემთხვევების ფონზე, უფლებადამცველმა გიიას იბრაჰიმმა გამოთქვა ვარაუდი, რომ გაძლიერებული ზეწოლა შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ხელისუფლებამ უახლოეს მომავალში „პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა“ ნაწილი გაათავისუფლოს.

„პირადი გამოცდილებიდანაც ვიცი, რომ ასეთი სისტემური რეპრესიები ხდება მაშინ, როცა დღის წესრიგში მსგავსი გეგმაა. თუ გახსოვთ, იმ მოვლენათა ჯაჭვის ბოლოს, რომელიც 2019 წელს მეჰმან ჰუსეინოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განახლებით დაიწყო, ჯერ თავად ჰუსეინოვი გაათავისუფლეს, 2019 წლის მარტში კი – სხვა პოლიტპატიმრები“, – დაწერა იბრაჰიმმა სოციალურ ქსელში 28 მარტს.

ჰუსეინოვი თავდაპირველად 2017 წლის იანვარში დააკავეს „ცილისწამების“ ბრალდებით, რის შემდეგაც მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობის დროს ციხის ადმინისტრაციამ ორჯერ მოითხოვა სასჯელის გაგრძელება. საბოლოოდ, იგი 2019 წლის მარტში, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც შიმშილობა დაიწყო, ოპოზიციურმა პარტიებმა კი ბაქოში საპროტესტო აქციები გამართეს.

იბრაჰიმის აზრით, ახლა პატიმრების გათავისუფლების მიზეზი „ბოლომდე ნათელი არ არის“, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების შესაძლო გათავისუფლებას, რის პარალელურადაც ალიევს სურს, გააჩუმოს მისი ოპონენტები, რომლებიც მას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.

თუმცა, ყველა არ ფიქრობს, რომ გაზრდილი ზეწოლა პოზიტიური ცვლილებების წინაპირობაა.

„უახლოეს მომავალში ციხიდან არავის გაათავისუფლებენ. არცერთ მათგანს“, – განუცხადა OC Media-ს უფლებადამცველმა ჰილალ მამედოვმა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.