აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოსთან საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან დაიწყება – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დაიწყება აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან და გაგრძელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ორი ქვეყნის კომისიებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, ხოლო კომისიების საქმიანობის მარეგულირებელი რამდენიმე დოკუმენტი როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთში იქნა მიღებული და დამტკიცებული.
„არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულებიდან დაიწყება და როგორ გაგრძელდება ჩვენი საერთო საზღვრის დელიმიტაცია. არსებობს შეთანხმება და ურთიერთგაგება, რომ სამუშაოები დაიწყება უფრო რთული – ჩრდილოეთის საზღვრიდან, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან, და გაგრძელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა ასევე აღნიშნა, რომ უფრო კონკრეტული საკითხები დელიმიტაციის კომისიების მუშაობის ფორმატში განიხილება და მათი გადაწყვეტა მოსალოდნელია.