აზერბაიჯანმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

პუბლიკა

აზერბაიჯანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გამოცემულ განკარგულებას აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციის ბაქოში, განჯასა და სხვა არაერთ ქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდება. სამხედრო მოქმედებებს ემხრობა აზერბაიჯანული ოპოზიციაც.

დღეს საომარი მდგომარეობა გამოცხადდა მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპულიკასა და სომხეთშიც.


მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად, 07:10 საატძე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება სომხეთის მეირ მოწყობილი პროვოკაციით დაიწყო და აზერბაიჯანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

დღეს დილას დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და სამხედრო ვერტმფრენი, ასევე გაანადგურეს რამდენიმე ტანკი. უწყება 2 აზერბაიჯანული ტანკის აფეთქების ვიდეოსაც ავრცელებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათაც არაერთი სომხური სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული დაპირისპირების შედეგ აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ილჰამ ალიევსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის. ასევე სატელეფონო საუბარი გამართეს აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა.

ხოლო რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მოგვიანებით კი სერგეი ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა.