მასალა განახლებულია
აზერბაიჯანული მედია Report.az წერს, რომ საქართველოს გავლით ტრანზიტით მოძრავი აზერბაიჯანული სატვირთოები რამდენიმე დღის განმავლობაში საბაჟო პუნქტებზეა შეჩერებული და მძღოლებისთვის უცნობია, რა გახდა შეჩერების მიზეზი.
მძღოლების განცხადებით, პრობლემები ძირითადად „სარფისა“ და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე თბილისში მდებარე საბაჟო გაფორმების ცენტრში შეიქმნა.
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ გამოცემას აცნობა, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნეს.
„პუბლიკას” საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.
,,5 აგვისტოს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანული სატვირთო ავტომანქანების საქართველოში შემოსვლის/გადაადგილებისას წარმოქმნილ შეფერხებებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს შესაბამის უწყებებს, რომლებიც გამოვლენილ დარღვევებზე ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს”, – განაცხადეს უწყებაში.
შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ „ტვირთების გადაადგილება ყველა გამშვები პუნქტის მიმართულებით შეუფერხებლად ხორციელდება“ და „ამ შემთხვევას არკვევენ“.