ბაბაევმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მკვლელობის მცდელობა - ელისაშვილი გამოძიებას მოითხოვს

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ბაბავემა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული – მკვლელობის მცდელობა და შეტანილი საჩივრით მოითხოვენ, მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.

ელისაშვილი „ტვ პირველთან“ ჰყვება, რომ 2 დეკემბერს ბაბაევსა და მას შორის მომხდარი ინციდენტის დროს ბაბაევი ცდილობდა, რკინის ჯოხი თავში ჩაერტყა, რაც ასახულია ვიდეოკადრებშიც.

„ის მტკიცებულება, რაც მათ ჰგონიათ, რომ მათი პოზიციის გამამყარებელია, სინამდვილეში მათი საწინააღმდეგოა, იმიტომ, რომ იქ მე შემაგინა და ამ შეგინებაზე რეაქცია მქონდა, მე რამდენჯერმე გავერიდე ამ ამბავს, რომ მივდიოდი, რკინის ჯოხით გამომეკიდა, იქ ვიღაც ბიჭი წმენდდა ფანჯრებს, იმას წაართვა ეს რკინის ჯოხი და ვიღაც ქალს რომ არ ეყვირა, გადამიხსნიდა თავს, კადრებში ჩანს კიდეც, რა გამეტებით მომიქნია. ამაზე ყურს არ იბერტყავს გამოძიება, რა თქმა უნდა, ახლა აქაც რომ მოვედით იმის იმედი არ გვაქვს, რომ დაფაცურდებიან და უცბად სამართალს დააყენებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ. […] წესით, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ალი ბაბაევის წინააღმდეგ უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმე ჩემი მკვლელობის მცდელობით აღძრული და არა ჩემ წინააღმდეგ“, – თქვა ელისაშვილმა „ტვ პირველთან“.

ალეკო ელისაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 16 დეკემბერს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონიძისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.