ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი - პროკურატურა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, „ჰიუნდაი აუტო საქართველოს“ – წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი იღებდნენ.

„ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „HYUNDAI ACCENT“-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ „პულტით“, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრომოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.

გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, შემოწმდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი“, – ამბობენ პროკურატურაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ავტომობილთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ინფორმაციას, ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.


თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ტყეში იდგა, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. მანქანა მწყემსმა იპოვა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა გამოძიებას ახალი მუხლიც დაემატა – სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.