თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურაში ითქვა, რომ ექსპერტიზის მტკიცებით, სატელიტის სურათები, რომლებიც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა, ყალბია.
„ვინაიდინ სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება”, – ამბობდა პროკურატურა.
პროკურატურის საპასუხოდ, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტების თანდასწრებით დაურეკა პირს, რომელმაც, რამიშვილის თქმით, მას სატელიტის კადრები გაუგზავნა. რამიშვილი დავით ფურცხვანიძეს შეუთანხმდა, რომ მის მონაცემებს პროკურატურასა და მედიას გადასცემდა.
ამის შემდეგ ფურცხვანიძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე, საქალაქო სასამართლოში გუშინ, 19 სექტემბერს გამოიკითხა.
ფურცხვანიძის თქმით, მან გამოძიებას დაუსახელა ადამიანი, ვინც სატელიტის ფოტოები მიაწოდა.
„დავასახელე გამოკითხვის დროს არა მხოლოდ სახელი და გვარი, არამედ სხვა კონკრეტული დეტალები დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, მის სტრუქტურასთან, ჩვენს საერთო სტრუქტურასთან. თუ სრული იდენტიფიცირება უნდათ, ჩემი საკომუნიკაციო საშუალებები მათთან არის, იმაში წერია ყველაფერი, სხვადასხვა რეკვიზიტები, მაგრამ ისიც საკმარისია, რაც მე ვუთხარი. ეს ადამიანი არც საქართველოშია, არც რუსეთშია. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ პროკურატურას გადავეცი, საჯარო არ არის, არა იმიტომ, რომ ვინმე იმალება, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.
როგორც დავით ფურცხვანიძე აცხადებს, მისთვის სატელიტური ფოტოები არავის და მათ შორის, არც მიხეილ რამიშვილს არ მოუთხოვია. მისი თქმით, აპირებს, ამერიკაში ბაჩალიაშვილის საქმის გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის სატელიტური ფოტოს თაობაზე, ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს.
დავით ფურცხვანიძის გამოკითხვის შემდეგ კი პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა, ვინ გადასცა ფურცხვანიძეს ფოტოები.
„ფაქტი დადასტურდა, რომ ამ პიროვნებამ გადასცა ეს ფოტოსურათები. მოვთხოვეთ კონკრეტული წყაროს დასახელება, თუმცა დაგვისახელა პირი, რომელიც არასდროს ჰყავს ნანახი პირადად და ამბობს, რომ სოციალური ქსელში ჰქონდა კავშირი, თუმცა სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ვერ დაგვისახელა. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, ჰქონდეს ტელეფონში, თუმცა ტელეფონიც, რატომღაც, დაუზიანდა ერთი კვირის წინ. შესაბამისად, იქაც ვერ მოიძიებს გამოძიება ამ ინფორმაციას“, – თქვა მან.
„როგორც თვითონ ამბობს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებს გარკვეულ კვლევებს, ამ კვლევაში ჩართულია მისი რამდენიმე მეგობარი ექსპერტი, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, გააჩნიათ ერთი სამოქმედო სქემა და შესაბამისად, დაეხმარნენ ამ ინფორმაციის მოპოვებაში, რაც უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიის სპეცსამსახურების მიერ იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტს. ასეთ გარემოებას სწავლობდა დავით ფურცხვანიძე. თუმცა რატომ სწავლობდა, რა ინფორმაციებზე დაყრდნობით სწავლობდა, იყო თუ არა იარაღით ვაჭრობის ფაქტი, ამაზე პასუხი არ აქვს“,- განაცხადა პროკურორმა.