ბაჩიაშვილი: ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს

პუბლიკა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილის დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი,ნრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით, „თავზე ტომარაჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამოიყვანეს საქართველოში“.

გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებით, ეს იყო „ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთხზული და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია“.

„წლების განმავლობაში ვიყავი პირდაპირი მოწმე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება. პრესტიჟითა და ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანები როგორ იდგნენ ივანიშვილის კარზე. როდესაც ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სამსახურში, მომთხოვა იმ ანტიდასავლური და ანტიქართული წერილების გამოქვეყნება, რომლებსაც დღემდე შათირიშვილი აკეთებს.

ამის შემდეგ გავხდი მიუღებელი და შესაბამისად, ივანიშვილმა მომიწყო სასამართლოს იმიტაცია, რომელსაც წინა 2 წლის განმავლობაში გავდიოდით. […]

შემდეგ მან მიმართა კრიმინალურ მეთოდს – მოტაცებას, რომლითაც 90-იან წლებში მას ძმა მოსტაცეს, მეთოდს, როგორც კალაძეს მოსტაცეს ძმა. ზუსტად ამავე მიზნით – ფულის გამოძალვის მიზნით. განსხვავება ის იყო, რომ იმ გამტაცებლებს სახელმწიფო არ ჰქონდათ მიტაცებული.

ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარაწამოფარებული, უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და ქართული სამართლის დარღვევით, ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეთხზული და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. და ახლა ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ, მე როგორ ვიპოვო სამართალი? სად დავიცვა თავი?

როგორ ვანდო თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი?! როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე ორი წელი ჯოჯოხეთი მოუწყო ჩემს ოჯახს? როგორ ვენდო იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო?

ზოგიერთები გამოდიან და ამბობენ, წამება არ არისო. ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს. ჰკითხეთ სინდისის პატიმრების ოჯახებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის წამება. თქვენც [მოსამართლე] გამოძალვის იარაღი ხართ ივანიშვილის ხელში. შეიძლება ძალიან კარგი მოსამართლე და კარგი ადამიანი ხართ, მაგრამ მე ამ სასამართლოს ვერ ვენდობი, რადგან ივანიშვილის პირადი მითითებით, ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრება“, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.


29 მაისის სასამართლო პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 24 მაისს ის გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს.

ბაჩიაშვილისვე განცხადებით, ინტერპოლის მიერ მისი ძებნა შეჩერებული იყო და „საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადირებისთვის კანონიერი გზა არ ჰქონდა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს. უწყების ამბობს, რომ მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.

4 მარტს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო „სანდო ინფორმაცია რეალური საფრთხეების შესახებ“ და 2 მარტს ქვეყანა იძულებით დატოვა. როგორც ის აცხადებდა, საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.

გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

„ბიტკოინების საქმის“ გარდა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეზე  აქვს წარდგენილი – საზღვრის უკანონო კვეთისა და „მტკვარი ჰესის” საქმეებზე.

ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

რაც შეეხება „მტკვარი ჰესის” საქმეს, ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.

შედეგად, უწყების მტკიცებით, „მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“.