ბაჩიაშვილი: უდიდესი წუხილით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ

პუბლიკა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ საქართველოდან იძულებით წავიდა.

„სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია.

[…] მივიღე სანდო ინფორმაცია რეალური საფრთხეების შესახებ — საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ. იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა“, – დაწერა გიორგი ბაჩიაშვილმა „ფეისბუქზე”.

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის 2 საქმე დაიწყო.

ერთ-ერთი მათგანზე, ბიტკოინების საქმეზე სასამართლო განხილვები დასასრულს უახლოვდება. ამ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილის ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი იყო და ბაჩიაშვილმა მას მოგება დაუმალა. თავად ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ თანხა სესხად აიღო ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ და ეს ფული ბანკში შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთით დააბრუნა კიდეც. ბაჩიაშვილმა 2023 წელს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.

მეორე, ახალი ბრალი პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს 25 თებერვალს წარუდგინა.

უწყება მას სისხლის სამართლის კოდექსის 220/1 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“.  პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტურად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.

შედეგად, უწყების მტკიცებით, „მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“.

ამ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს.