რას ყვება გიორგი ბაჩიაშვილი თავის საქმეზე, ბიტკოინებსა და ბიძინა ივანიშვილზე

პუბლიკა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა, – შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე უნდა დაიკითხოს 2 მოწმე: ნატო ხაინდრავა და დავით გალუაშვილი. სადრაძემ თქვა, რომ ეს პირები 2015 წელს, ანუ სამართლებრივად შესაფასებელი ურთიერთობის დასაწყისში იყვნენ „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი და დირექტორის მოადგილე.

პროკურორმა დააყენა სხდომის დახურვის შუამდგომლობა, ვინაიდან მოწმეები, კომერციული ბანკების შესახებ კანონიდან, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონიდან გამომდინარე და ა.შ. წარმოადგენენ უმაღლეს მმართველობით რგოლს კომერციულ დაწესებულებაში და მათი დაკითხვის პროცესში საუბარი შეეხება ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობის ისეთ ნაწილებს, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს კომერციულ საიდუმლოებას.

დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას. ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა თქვა, რომ კანონმდებლობის თანახმად, სხდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში იხურება, თუ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები განიხილება, ან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების დაცვას, ახლა კი ეს ვითარება არ არის, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება არ არის საიდუმლო ინფორმაცია. მახარაშვილისვე თქმით, ის არ აპირებს, კითხვები დასვას კომერციულ საიდუმლოებაზე.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

საქმე ეხება ბრალდებას გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალს „არალეგიტიმურს“ უწოდებს – ადვოკატის თქმით, „ქმედებები, რასაც გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან, დანაშაულს არ წარმოადგენს, ანუ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს“.

თავად გიორგი ბაჩიაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი“.

ფორმულასთან” გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მან „ქართუსგან” აიღო 5-მილიონიანი სესხი ინვესტიციისთვის, რომელიც დააბრუნა მოგების 30%-თან ერთად, რის შემდეგაც „ქართუსთან” ურთიერთობა დაიხურა.

ბაჩიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა.

გიორგი ბაჩიაშვილის მონათხრობი:

„მაშინ ბიტკოინი მეც პირველად გავიგე და საოცრებად ჟღერდა, რომ სერვერი შეიძლება შეგეერთებინა დენში, ამ სერვერს აწარმოებდა კომპანია „ბითფიური“ სპეციალური მიკროჩიპებით და ამას შეეძლო მაინინგი. გადმოვწერე ბიტკოინის whitepaper დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია, როგორ მუშაობს ბიტკოინი, შევისწავლე და საინტერესო გახდა ჩემთვის ეს თემა – მივხვდი, რომ ამაში დიდი მომავალია და მაინინგის მცირე კონტრაქტი მეც შევიძინე „ბითფიური” ჯგუფთან ერთად – 100-150 ათას დოლარზე იყო ლაპარაკი. შემდეგ მოველაპარაკე „ბითფიური” ჯგუფს, რომ გამეკეთებინა უფრო მსხვილი კონტრაქტი. ეს იყო $6,5 მილიონამდე კონტრაქტი. მე მქონდა შეგროვილი ჩემი და ჩემი ოჯახის თანხა, ნაწილი კი სესხად ავიღე. მქონდა $1,3 მილიონი, მჭირდებოდა $5 მილიონი.

მივედი ბიძინა ივანიშვილთან და ვთხოვე, თუ შეიძლებოდა, სესხი ამეღო მაინინგის პროექტისთვის, რაზეც ის მაშინვე დამთანხმდა.

გამიშვა ქალბატონ ნატო ხაინდრავასთან, რომელიც ბანკის დირექტორი გახლდათ. ამ საკითხმა გაიარა საკრედიტო კომიტეტიზე. იქ იყო გარკვეული კითხვები რისკებთან დაკავშირებით. ყველაფერი ავუხსენი. შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან შედგა ჩემი ცნობილი სატელეფონო საუბარი, რომლის ჩანაწერებზეც არის ბევრი ლაპარაკი. ივანიშვილმა მითხრა, რომ რისკიანი არის, მაგრამ თუ შენ რისკავ.. მე ვუთხარი, რომ ჩემს მთელ თანხას ამაში ვრისკავ. ჩემს კომპანიას უნდა დაებრუნებინა ფული თავისივე პროცენტით.

მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა რამდენიმე მცდელობა, გამოეყო 30-60 წუთი, რომ ყველაფერი ამეხსნა… ივანიშვილმა არ ჩადო ბიტკოინში ფული, სურვილი არ ქონდა და მე მეუბნებოდა, შენც დაკარგავ მაგ ფულსო.

მითხრა, ბანკში წადი და ამ სესხს მოგცემენ, შენ თუ დაწმუნებული ხარ ამ ყველაფერშიო. ცოტა დამატებითი მოგებაც მიეცი ბანკსო, ზედმეტი რისკის შესაბამისადო და დაელაპარაკე ნატოსო.

მე იმ დღესვე დაველაპარაკე ქალბატონ ნატოს. მან მითხრა, მოგების 30%-ს ხო არ დამიმატებდიო. მე ამაზე დავთანხმდი და გადახდის გარკვეული ფორმულა შევთავაზე: ამ მოგების წილს უნდა გამოაკლდეს ის პროცენტი, რასაც ბანკში გადავიხდი; ამ მოგებიდან რაც არის ბანკის პროცენტის ნაწილი, მხოლოდ იქიდან დაითვლება მოგების ნაწილი, ანუ ჩემი equity-დან [კაპიტალი] აღარ უნდა დათვლილიყო ეს ნაწილი და მესამე: მივეცი კრიპტო საფულე. ამ კრიპტო საფულეზე მოხდება ამის მაინინგი-თქო, ამ კრიპტო საფულეზე როგორც გავიტან ბიტკოინებს – ეს არის ღია ინფორმაცია, ბლოკჩეინზე ჩანს, როდის გავიდა ეს ბიტკოინი, იწერება ღია ბლოკჩეინში, როგორც რეესტრში, რა დროს გავიდა და რა ღირდა იმ დროს ბიტკოინი. ეს იქნება ჩვენი ბუღალტერია-თქო.

იმიტომ რომ ჩემს ბირჟაზე მე ვახორციელებ ტრანზაქციებს. ამ ბიტკოინს მე რას ვუზამ, ეს არის ჩემი საქმე.

კი ბატონოო, შევთანხმდით. გავიდა წელიწადი და 2 თვე. ეს სესხი მთლიანად დაიფარა თავისი პროცენტით. მე მქონდა ნატოსთან შეხვედრა მაინინგის კონტრაქტის დასრულებისთანავე, მივუტანე ეს კალკულაცია: სესხებში გადახდილია ამდენი, ამდენია ის ზედმეტი თანხა, რომელიც უნდა გადაგხადოთ და ვკითხე, თუ შეიძლება, რომ ეს ქეში მოგიტანო მოგვიანებით, რამდენიმე თვეში. ამაზე მივიღე თანხმობა. სესხი დაიფარა პროცენტებით. დაფარვიდან 6-7 თვეში მივიტანე ეს თანხაც ნატოსთან. ეს ყველაფერი საქმის მასალებში არის. და დავიშალეთ.

ივანიშვილის ლოგიკით გამოდის, რომ მას შეუძლია, ნებისმიერ სესხზე, რომელზეც ვინმემ რამე დახმარება სთხოვა, თქვას, რომ ეს იყო ჩემი ბიზნესი და ეგ ბიზნესი არის ჩემი. ივანიშვილი დღეს ამტკიცებს, რომ 6-7 წლის წინ დახურული სესხი იყო მისი პირადი ინვესტიცია და მე ამ ინვესტიციიდან თურმე საერთოდ არ მეკუთვნოდა, უბრალოდ ტექნიკურად შემსრულებელი ვიყავი.

ბიძინა ივანიშვილთან პარტნიორობა არც ერთ საქმეში არ მაკავშირებდა. არასდროს ვყოფილვარ მისი ბიზნესპარტნიორი და არც ივანიშვილის რამე ჩემზე გაფორმებული არ ყოფილა. ამისი წინააღმდეგი ვიყავი, როცა ის მთავაზობდა რაღაცებს. მან გამონახა ჩემ მიერ გაკეთებული წარმატებული პროექტი, რომელიც მას შემდგომ მოეწონა. ამასთან, მას არ მოსწონდა, რომ არ ვეთანხმებოდი ბევრ რამეში, მათ შორის, გლობალური ომის პარტიის პროპაგანდაში. მე ვიყავი ერთადერთი მისი გარემოცვიდან, რომელიც ღიად ვგმობდი რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

პროკურატურის ბრალდება

პროკურატურის ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა — ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

უწყება აცხადებს, რომ ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, ბრალდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის — 1 305 000 აშშ დოლარს.

პროკურატურის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.

ასევე, როგორც პროკურატურა წერს, შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.

უწყების ცნობით, ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1-წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 253.13 ბიტკოინს შეადგენდა.

პროკურატურის თანახმად, ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.

ბრალდების ცნობით, ამის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის — 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.