ბაჩიაშვილი: ვინაიდან ბიტკოინების საქმე არის ძალიან უპერსპექტივო, ალბათ, აირჩეს სტრატეგია, რომ მეორე საქმე უფრო კარგად შეკერონ

პუბლიკა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურის მიერ მის მიმართ წარდგენილ ახალ ბრალდებას გამოეხმაურა.

„ბრალში არ წერია, ჯერჯერობით, რა რისკებსა და რომელ გულგრილობაზეა საუბარი, თუმცა წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ მთელი თანაინვესტირების ფონდის გუნდი იყო ძალიან პროფესიონალი და კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობას, მათ შორის – მეც.

ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა საკომიტეტო წესით. იქ მონაწილეობოდნენ როგორც მმართველი დირექტორები, ასევე სხვა რისკის ოფიცრები.

ეს არის მეორე ფაბრიკაცია, რომელიც ივანიშვილმა სასამართლოში თავისი ჩვენებისას დამიანონსა, რომ იქნებოდა დამატებითი სისხლის სამართლებრივი დევნა. ჩემთვის არ იყო ეს არც სიახლე და არც მოულოდნელობა.

ის იქ ამბობს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ „მტკვარი ჰესის“ ბიუჯეტი გაიზარდა, შესაბამისად, ალბათ, ბაჩიაშვილმა მოიპარა ფული. მეტი არც მტკიცებულება არც რაიმე მიმანიშნებელი დოკუმენტი არაფერი საქმეში არ იდო. რომც მდომოდა, მე, როგორც დირექტორს, რაიმე უკანონობის ჩადენა, არ მქონდა უფლებამოსილება, რომ ჩემი ხელმოწერით პირადად დამევალებინა „მტკვარი ჰესისთვის“ რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

ვინაიდან და რადგანაც ბიტკოინების საქმე არის ძალიან უპერსპექტივო და სტრასბურგში პირდაპირ ივანიშვილის კრახით დასრულდება, ალბათ აირჩეს სტრატეგია, რომ მეორე საქმე უფრო კარგად შეკერონ და ამ საქმეზე აიღონ აქცენტი“, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.


საქართველოს პროკურატურამ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა. უწყება მას სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავება. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“. უწყების ცნობით, 2014 წლის ნოემბერში, „თანაინვესტირების ფონდმა“ კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან“ წერილობითი შეთანხმება გააფორმა და კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების, ასევე არსებული აქტივების სწორად და ეფექტურად მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო. განცხადებაში წერია, რომ იმავე წელს კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგმა“ გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით შპს „მტკვარი ჰესის“ წილი შეიძინა.

გარდა ამ საქმისა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ამ საქმის განხილვა სასამართლოში დასასრულს უახლოვდება.