„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გიორგი ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის პროცესს აფასებს.
ორგანიზაცია წერს, რომ „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ ბრალდება მოკლებულია ფაქტობრივ და იურიდიულ საფუძვლებს.
TI-ის ხაზს უსვამს, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დე ფაქტო მმართველია, რომელსაც მიტაცებული აქვს ყველა სახელისუფლო ინსტიტუტი და რომელზეც ერთპიროვნულ კონტროლს ახორციელებს, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულია.
„გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოკლებულია, როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს. ყოველ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მისცემდა ნებისმიერ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტრიბუნალს ბაჩიაშვილი დამნაშავედ ეცნო“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე 2023 წლის ივლისში დაიწყო, 6 ივლისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით მან 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გიორგი ბაჩიაშვილის ინვესტორი და ამ ინვესტიციის – 5 მილიონი ლარის საფუძველზე შეძლო ბრალდებულმა ბიტკოინის მაინინგ-ფერმის შექმნა, თუმცა შემდეგ ბაჩიაშვილმა ივანიშვილს მოგება დაუმალა.
თავად გიორგი ბაჩიაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ინვესტორი იყო და ამბობს, რომ ეს თანხა მან „ქართუ ბანკიდან” სესხად აიღო. მისივე თქმით, „ქართუს” დაუბრუნა და გადაუხადა სესხის თანხა პროცენტთან და მოგების 30%-თან ერთად.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ „ქართუსთან” საქმე დაიხურა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა.
ბაჩიასვილისვე თქმით, მისი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და „ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი“.