გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, გამოკითხვის დროს ბიძინა ივანიშვილი დაემუქრა 

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვა დახურულ რეჟიმში წარიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მორიგი სისხლის სამართლის საქმით დაემუქრა.

„ამჯერად ის უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და მას ჰგონია, რომ ამ სტრუქტურაში გადამეტებული როლი და ფუნქცია აქვს სტრუქტურის მმართველ კომპანიას და მე. შესაბამისად, დამემუქრა მორიგი სისხლის სამართლის დევნით, თუ მე გარკვეულ მის რაღაც მოთხოვნებს არ დავემორჩილები.

ღიმილისმომგვრელია ეს მუქარა, რა თქმა უნდა. თუმცა, ის არ ერიდება და სასამართლოს წინაშეც ბედავს სისხლის სამართლის დევნით დამუქრებას“, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა სხდომის შემდეგ „ფორმულასთან”.

ბაჩიაშვილისვე თქმით, პროკურორის გამოკითხვის ნაწილი ძირითადად მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, ხოლო დაცვის მხარის კითხვებს ბიძინა ივანიშვილმა თავი აარიდა.

„სულ რამდენიმე კითხვა იყო და ძირითადად ივანიშვილი ჰყვებოდა ამბის თავისებურ ვერსიას. რაც შეეხება ჩვენს დასმულ კითხვებს. საქმის დეტალებთან დასმულ კითხვებს, ყველას თავი აარიდა ივანიშვილმა. მან ზოგადად თქვა, რომ ეს მისი ინვესტიცია იყო და არ ევალებოდა დეტალების ცოდნა ამის შესახებ […]. ხაზს უსვამდა, რომ ის დიდი თანხების მფლობელია და 1 და 5 მილიონი არ არის ისეთი თანხა, რომ მას დეტალები ახსოვდეს.

თუმცა, მან დაადასტურა, რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, არანაირი კონტრაქტი, არანაირი მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის არის ინვესტორი“, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.


გიორგი ბაჩიაშვილს ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა — ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ბრალდებულის — 1 305 000 აშშ დოლარს.

ბრალდება ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. თუმცა, უწყების მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ეს არ გააკეთა და ბიძინა ივანიშვილს 8 253.13 ბიტკოინი მოჰპარა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალს „არალეგიტიმურს“ უწოდებს – ადვოკატის თქმით, „ქმედებები, რასაც გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან, დანაშაულს არ წარმოადგენს, ანუ დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს“.

კერძოდ, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა ინვესტორი – მან 5 მილიონი აშშ დოლარი „ქართუ ბანკიდან“ ისესხა და ნასესხები თანხა დააბრუნა, ასევე, „ქართუს“ გადაუხადა მოგების 30%.

ბაჩიაშვილის თქმით, თანხის ბანკში გადახდის შემდეგ საქმე ამოიწურა და ივანიშვილს მასთან პრეტენზია არ ჰქონია. მისი განცხადებით, ივანიშვილისგან უკმაყოფილება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაჩიაშვილმა უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის დაგმობა დაიწყო.