„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა „მტკვარი ჰესის“ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მისი დაკავების შესახებ ისაუბრა.
ბაჩიაშვილის თქმით, ის გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს.
„აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი თავს სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული.
დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი და დღეს მე კიდევ ახალ საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ, რომელიც პირადად ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.
შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, ორი დღე თვალებახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს „აირზენას“ ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში.
საქართველოს ისტორიას ძალიან ბევრი საქმე ახსოვს… თუმცა ამ შემთხვევაში, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას უწოდებს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს.
მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და რა ტყუილები გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რის გამოც მოხდა ასეთი მოქმედება ჩემ წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა“, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილისვე განცხადებით, ინტერპოლის მიერ მისი ძებნა შეჩერებული იყო და „საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადირებისთვის კანონიერი გზა არ ჰქონდა“.
„საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის, იმიტომ, რომ ინტერპოლის მიერ ჩემზე ძებნა შეჩერებული იყო ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა, რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლისსამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური.
შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, რითაც დაარღვიეს არამარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისოო სამართლის უამრავი ნორმა. და იმ ქვეყნის უამრავი ნორმაც, რომელშიც მე ვიმყოფებოდი.
მე თქვენ გთხოვთ, ჩემი ეს განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყების საფუძვლად. მზად ვარ, ყველა დეტალი მოვუყვე გამოძიებას, არა იმიტომ, რომ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს მთელი სახელმწიფო. ეს არის დაუშვებელი და ჩვენი ქვეყნის სირცხვილი.
დღეს თქვენ ასამართლებთ პირადად ბიძინა ივანიშვილის პატიმარს და ამ საქმეებზე ყველას პასუხი მოეთხოვება ადრე თუ გვიან, თეა წულუკიანის შოუები მონაგონი იქნება დამიჯერეთ, ყველას გასაგონად ვამბობ, მათ შორის, ჩემი პროკურორი”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ გიორგი ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა, ბაჩიაშვილს ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, რის გამოც პატიმრობის გამოყენების საფუძველი აღარ იყო.
მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გააუქმა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 24 ივლისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს. უწყება წერს, რომ მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.
4 მარტს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ მიიღო „სანდო ინფორმაცია რეალური საფრთხეების შესახებ“ და 2 მარტს ქვეყანა იძულებით დატოვა. როგორც ის აცხადებდა, საქართველოდან წასასვლელად „სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე პასპორტი ჩამორთმეული ჰქონდა, ქვეყნის დატოვება მოახერხა.
გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
„ბიტკოინების საქმის“ გარდა, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეზე აქვს წარდგენილი – საზღვრის უკანონო კვეთისა და „მტკვარი ჰესის” საქმეებზე.
ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.
რაც შეეხება „მტკვარი ჰესის” საქმეს, ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.
შედეგად, უწყების მტკიცებით, „მტკვარი ჰესის საინვესტიციო მოცულობა და ექსპლუატაცია შესვლის პერიოდი შეუსაბამოდ გაიზარდა, რაც ნეგატიურად აისახა პროექტის მომგებიანობაზე და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარით – 240 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები“.