„ბადრი ესებუა სამეგრელოში დავაკავეთ" - შსს-ს ოფიციალური განცხადება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას დაკავებაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ის სამეგრელოში დააკავეს, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ესებუა 2020 წლიდან იძებნებოდა.

შსს-ს ცნობით, მის მიმართ წარსადგენი მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გთავაზობთ განცხადებას:

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას  გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები  მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.